ხათუნა სამნიძე - ორ კვირაში, რა ვადაც დაასახელა შარლ მიშელმა, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან, ანუ ოპოზიციიდანაც პასუხისმგებლობის აღება
ხათუნა სამნიძე - ორ კვირაში, რა ვადაც დაასახელა შარლ მიშელმა, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან, ანუ ოპოზიციიდანაც პასუხისმგებლობის აღება

ჩამონათვალში პრიორიტეტები არ წერია, ნუმერაციის გარეშეა, მაგრამ ყველასგან ხაზი გაესვა, რომ ნდობის აღსადგენად, საუბრისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არ გაგრძელდეს პოლიტიკური დევნა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება.

ამასთან, სამნიძის განმარტებით, პრემიერის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ ხელისუფლება მშვიდად არ აღიქვამს კონსტიტუციური უფლების გამოყენებას, რაც არის აქციებში მონაწილეობა და საპროტესტო მსვლელობები.

„რთულ ვითარებაში არიან ოპოზიციური პარტიები, რადგან დაჭერილია, ციხეშია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ჯერ კიდევ არ ისმის ხელისუფლებისგან, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ელემენტარულად შესაძლებელი იყოს დიალოგის გაგრძელება. ჩამონათვალში პრიორიტეტები არ წერია, ნუმერაციის გარეშეა, მაგრამ ყველასგან ხაზი გაესვა, რომ ნდობის აღსადგენად და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არ გაგრძელდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკოსები, რომლებიც მაგიდის ირგვლივ ვსხედვართ, არ ვიყოთ იმ განცდის ქვეშ, რომ შესაძლოა, ხვალ ჩვენ აღმოვჩნდეთ ნიკა მელიას ადგილას.

ორ კვირაში, რა ვადაც დაასახელა პრეზიდენტმა მიშელმა, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან, ანუ ოპოზიციიდანაც პასუხისმგებლობის აღება. პრემიერის მხრიდან დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ, სამწუხაროდ, არ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მშვიდად აღიქვამს კონსტიტუციური უფლების გამოყენებას, რაც არის აქციებში მონაწილეობა და საპროტესტო მსვლელობები.

მინდა, შევახსენო, რომ ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. აქციები გაგრძელდება, რადგან პოლიტიკოსები, ოპოზიცია და ხელისუფლება ვართ ჩართული პროცესში, შეთანხმებებში და მოლაპარაკებებში, მაგრამ საზოგადოება, ოპოზიციური ამომრჩეველი ასევე უნდა იყოს ჩართული პროცესში. მათი ჩართულობის შესაძლებლობა არის აქციებში მონაწილეობა. მაგრამ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აქციების ფორმების მოდიფიკაცია, არ იქნება პიკეტირება და ბლოკირება, იქნება სხვადასხვა ტიპის მშვიდობიანი აქცია. არ მივცემთ ხელისუფლებას საბაბს, რომ მოლაპარაკებები შეწყდეს. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. გუშინ შედგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და არ არსებობს წითელი ხაზები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბატონ პრემიერსაც, ნუ დავარღვევთ სიტყვას, რომელიც ჩვენ შუამავალთან ერთად ერთმანეთს მივეცით, რომ არ ვილაპარაკოთ წითელ ხაზებზე, დღეს ყოველ შემთხვევაში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და პრემიერის მონაწილეობით გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ საკითხების ჩამონათვალზე, რომელიც მოლაპარაკების საგანი იქნება.

„დეტალებში არ შევსულვართ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩვენთან და პრემიერ ღარიბაშვილთან ცალ-ცალკე შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩვენი შეხვედრა შემდგარიყო და იქვე საკუთარი ინიციატივით, საკუთარი სიტყვებით, საკუთარი პასუხისმგებლობით შექმნა დოკუმენტი, თქვა, ეს არის ის საკითხები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში დღეს აღმოიფხვრას კრიზისი და მომავალშიც არ იყოს, პირდაპირ დაუსვა კითხვა თითოეულ ჩვენგანს, მზად ვართ თუ არა, ამ ჩამონათვალის, ამ ჩარჩოს ფარგლებში ვიმუშაოთ მომავალში. ყველამ, მათ შორის პრემიერმა ღარიბაშვილმაც განაცხდა, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ამ ჩამონათვალის ფარგლებში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.