ხათუნა სამნიძე - მეორე ტური უზრუნველყო ამომრჩეველმა, ამას ბოლომდე მივიყვანთ და საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციის ხელში იქნება
ხათუნა სამნიძე - მეორე ტური უზრუნველყო ამომრჩეველმა, ამას ბოლომდე მივიყვანთ და საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციის ხელში იქნება

„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვოს.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საპრეზიდენტო სავარძელი იყოს ოპოზიციის ხელში, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა დაინახონ, რომ საზოგადოებამ მათ უთხრა უარი.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვოს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სისტემის წინააღმდეგ გადაიდგას ნაბიჯები. მეორე ტური უზრუნველყო საზოგადოებამ და ამომრჩეველმა, ამას მივიყვანთ ბოლომდე და საპრეზიდენტო სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში, რაც იქნება პირველ რიგში ბალანსი. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ დაინახოს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ ისინი ყოველის შემძლეები არ არიან. საზოგადოებამ მას უთხრა უარი და აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდის”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.