ხათუნა სამნიძე - მანდატებზე უარის თქმის შესახებ უკვე დავწერეთ განცხადებები, როცა იქნება საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, როდის მივმართოთ პარლამენტს, ამ რიგებში იქნებიან „რესპუბლიკელებიც“
ხათუნა სამნიძე - მანდატებზე უარის თქმის შესახებ უკვე დავწერეთ განცხადებები, როცა იქნება საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, როდის მივმართოთ პარლამენტს, ამ რიგებში იქნებიან „რესპუბლიკელებიც“

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, როდესაც არ არის პარლამენტში ბლოკი „ძალა ერთობაშია“, იქ არ იქნება არც „რესპუბლიკური პარტია“, რადგან „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ორი მანდატი სწორედ ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიცია-ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიასთან“ ერთად მიიღო.

სამნიძე განმარტავს, რომ მანდატზე უარის თქმის თაობაზე მას და თამარ კორძაიას განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ და როდესაც იქნება საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, თუ როდის მიმართონ პარლამენტს, „რესპუბლიკელებიც“ მათ რიგებში იქნებიან.

„ჩვენ დაწერილი გვაქვს ეს განცხადებები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჩვენი პოზიციაა, რომ როდესაც არ არის პარლამენტში ბლოკი „ძალა ერთობაშია“, იქ არ იქნება არც „რესპუბლიკური პარტია“, რადგან ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს მანდატები. ჩვენ, „რესპუბლიკურ პარტიას“ გვაქვს ორი მანდატი – თამარ კორძაია და მე. უკვე დაწერილი გვაქვს განცხადებები და როდესაც დაიგეგმება საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, როდის მივმართოთ პარლამენტს, როდესაც ეს გადაწყდება, ამ რიგებში იქნებიან „რესპუბლიკელებიც“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით სამნიძე აცხადებს, რომ შემდეგ რაუნდს ელოდებიან.

„არავითარი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება, ველოდებით შემდეგ რაუნდს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაცხადა მზაობა, ასევე მოვისმინეთ ელჩების მზაობა, რომ გააგრძელონ ეს პროცესი. ახლა ველოდებით იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიაზროს და დაინახოს, რა ღრმა კრიზისშია უკვე ქვეყანა და დაიწყოს მოლაპარაკების მაგიდასთან კომპრომისებზე წამოსვლა“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „თუ მოლაპარაკებებზე შედგა შეთანხმება და თქვენ მანდატების გაუქმებაზე გექნებათ პარლამენტისთვის მიმართული, რა სტრატეგია შეიძლება გქონდეთ“, სამნიძის თქმით, სიახლე არაფერია იმაში, რომ ოპოზიცია მანდატებს დათმობს.

„არ არის ახალი ამბავი, რომ ოპოზიცია მანდატებს დათმობს, ამას ვამბობდით 2 ნოემბრიდან მოყოლებული, ბოიკოტის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ სანამ ჩვენ მანდატების დათმობის საშუალება გვაქვს, მანამდე ვაცხადებთ ბოიკოტს და ეს არის მყარი ოპოზიციური პოზიცია. მანდატებზე განცხადების დაწერა არის შემდეგი ნაბიჯი. ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რა ვითარების წინაშე დგას ის, გუშინ იყო სრულიად მარტო საპარლამენტო დარბაზში და შეიძლება ის აღმოჩნდეს შემდეგაც, უკვე იურიდიულადაც მარტო ამ ვითარებაში, ქვეყანამ მიიღოს ერთპარტიული პარლამენტ, რაც არის დამანგრეველი ამ ქვეყნისთის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა“.

„ოპოზიცია არის მზად მოლაპარაკებებისთვის და „ქართული ოცნება“ უნდა გახდეს აქტიური, არა ასეთი აგრესიული განცხადებებით, რაც გვესმის კობახიძისგან, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით, რათა დაახლოვდეს პოზიციები და ჩვენ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ოპოზიციურ პარტიებში ყველას მიზანი არის კრიზისიდან გამოსვლა და ამისთვის რაც შეეძლო ოპოზიციას, ყველაფერი გააკეთა. შესთავაზა ხელისუფლებას და ახლა ველოდებით მათგან კონკრეტულ წინადადებებს. არა აგრესიულ განცხადებებს, მაგალითად კობახიძისგან, რომელიც პირდაპირ მიმართულია ამ მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, არამედ ქმედით ნაბიჯებს და კონკრეტულ საკითხებს, რაზეც შეიძლება, ორი მხარე შეთანხმდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.