ხათუნა სამნიძე - იმედი მაქვს, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მიშელს ექნება მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობა, ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები შეახსენოს
ხათუნა სამნიძე - იმედი მაქვს, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მიშელს ექნება მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობა, ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები შეახსენოს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებს არა მხოლოდ მიშელის შეთანხმების იმ პუნქტებზე, რომლებიც ხელისუფლებამ დაარღვია, არამედ საუბარი შეეხება 5-6 ივლისის მოვლენებსაც.

„დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ დოკუმენტზე არ ვისაუბრებთ. საუბარი არ იქნება მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომლებიც დაარღვია ხელისუფლებამ ყველა ჯერზე და ბარიერების აღმართვისას. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ 5-6 ივლისის მოვლენებზე, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან, ევროპულ ფასეულობებთან და ღიად ვხედავთ რუსულ კვალს, თუმცა „ქართული ოცნება“ ამას უარყოფს და პირიქით, აქეთ გადმოდის შეტევაზე. ჩანს საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივი ორგანიზება ამ დაძაბულობის, ეს უკავშირდება შარლ მიშელის იმ პუნქტს, რომელშიც საუბარია, რომ 43-პროცენტიანი ბარიერის ვერ დაძლებვის შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ეს არის მთავარი, რისიც ძალიან ეშინია „ქართულ ოცნებას“, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს პარტნიორებთან“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 43-პროცენტიანი ბარიერის პუნქტი არ შესრულდეს.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 43-პროცენტიანი ბარიერის პუნქტი არ შესრულდეს, რომ მას არ ჰქონდეს ეს ვალდებულება და არც საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელიც დაინიცირებულია, თუმცა სჭირდება სამი მოსმენა. ყველა ამ მოვლენების კომბინაცია იქნება ჩვენი სასაუბრო თემა. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ მიშელს ექნება მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობა, ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები შეახსენოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დატოვე კომენტარი