ხათუნა სამნიძე - ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოების ხმა და ახლაც კოორდინირებულად ვმუშაობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“
ხათუნა სამნიძე - ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოების ხმა და ახლაც კოორდინირებულად ვმუშაობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“

გაერთიანებულ ოპოზიციასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, როგორი იქნება ეს თანამშრომლობა, ამას განაპირობებს ერთად მუშაობა და დიალოგი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა და კოორდინაცია სამომავლო არჩევნებისთვის. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს, პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთმანეთთან დიალოგი, მიუხედავად მათი შეხედულებებისა, პოლიტიკური წარსულისა.

მოგეხსენებათ, „რესპუბლიკური პარტია“ იყო მკვეთრად დაპირისპირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ შევძელით, მოვისმინეთ საზოგადოების ხმა და კოორდინირებულად ვმუშაობთ დღეს, მხარი დავუჭირეთ მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას. როგორი იქნება ეს თანამშრომლობა, იქნება ეს გაერთიანება, კოორდინირებულად ერთად შეირჩევა თუ არა კანდიდატები, ამას განაპირობებს ერთად მუშაობა და დიალოგი.

დღეს ის, რომ აქ ვართ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ესწრებიან ამ ყრილობას, მოწმობს, რომ პოლიტიკური პარტიები მზად არიან თანამშრომლობისთვის და დიალოგისთვის“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატებს, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მოლაპარაკებები და კონსულტაციები ჯერ არ ჰქონიათ.

​„ამასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ არ გვქონია მოლაპარაკებები და შეხვედრები, მაგრამ ბუნებრივია, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შევძლებთ შეთანხმებას საერთო კანდიდატებზე“,- განაცხადა სამნიძემ.