ხათუნა სამნიძე - ჩანაწერის შინაარსში არ შევდივარ, მაგრამ პარლამენტის წევრისთვის მოსმენა სისხლის სამართლის დანაშაულია
ხათუნა სამნიძე - ჩანაწერის შინაარსში არ შევდივარ, მაგრამ პარლამენტის წევრისთვის მოსმენა სისხლის სამართლის დანაშაულია

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, უსმენენ პარლამენტის წევრს და ამაზე კომენტარი უნდა თხოვოთ პირველ რიგში ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ ჩართულია ამ დანაშაულში, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხებოდა. საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

„მე არ შევდივარ შინაარსში, რადგან ეს არის დანაშაული და ეს ხელისუფლება ჩადის დანაშაულს, როდესაც უკანონოდ უსმენს ადამიანებს ზოგადად და განსაკუთრებით პარლამენტის წევრს. გუბაზ სანიკიძესაც უსმენენ უკანონოდ და ეს არის უკანონობა, რომელსაც ჩადის ეს ხელისუფლება, არ შევდივარ ისევ და ისევ შინაარსში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კითხვაზე, საარჩევნო სიის ფორმირება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ მოხდა, თუ პარტიის შიგნით ყველა ერთად ჩამოყალიბდა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო სიას ხმა მისცა ბლოკმა.

„არჩევნები ჩატარდა გაყალბებით, მოპარული არჩევნებია დღეს თემა და არა ის, ვინ როგორ გააკეთა სია. დღეს ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც მოპარულია არჩევნები და „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ აღიქვამს ვითარებას ადეკვატურად. არჩევნები მოიპარეს, ყველა მეორე ოქმი არის გაყალბებული, ეს არის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა და არა ის, ვინ, რომელმა პარტიამ, როგორ სია შეიტანა. სიები დარეგისტრირდა, არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.