ხათუნა სამნიძე - ამნისტიით, პირველ რიგში, ბრალი უნდა მოეხსნას მელიას, ბუნებრივია, მძიმე მუხლები ამაში ვერ შევა
ხათუნა სამნიძე - ამნისტიით, პირველ რიგში, ბრალი უნდა მოეხსნას მელიას, ბუნებრივია, მძიმე მუხლები ამაში ვერ შევა

მოლაპარაკების პირველსავე დღეს დანიელსონმა შემოგვთავაზა ამნისტიის საკითხი. მაშინ, რა თქმა უნდა, იყო რეაქცია, რომ ეს იქნებოდა რთული, ვინაიდან იყვნენ დაზარალებული პირები. საუბარში გამოჩნდა, რომ ლაპარაკი იყო ორმხრივ პატიებაზე, ამნისტირებაზე, შერიგებაზე. ბუნებრივია, მძიმე მუხლები ამაში ვერ შევა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიით, პირველ რიგში, ბრალი ნიკა მელიას უნდა მოეხსნას.

„თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მაკო გომურის საქმე და მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ვერ შევა ამნისტიაში, რადგან აქ განზრახ დანაშაულის, სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაა, სახეში პირდაპირ დამიზნებით. ჯერჯერობით დღეს საუბარია სამ პოლიციელზე, რომლებსაც ბრალი წაყენებული აქვთ ერთი და იგივე მუხლით, უფლებამოსილების გადამეტება პოლიციელების მიერ. ეს არის ტვირთი, რომელიც უნდა ავიღოთ ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა. მე ვითვისებ ამ ტვირთს, რათა ამნისტიით ჩვენ ვაპატიოთ ერთმანეთს. მესმის, რომ ამ დაპირისპირების დროს მძიმედ ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ ამნისტიით ბრალი უნდა მოეხსნას, პირველ რიგში, ნიკა მელიას. მის გამოა ეს ჩანაწერი და ასევე იმისთვის, რომ ამნისტირდეს ის მუხლები, რომლებიც წაყენებული აქვთ აქტივისტებს. სულისკვეთებაა დოკუმენტის ყველაზე მთავრი, კომპლექსურად უნდა შევხედოთ მთელ დოკუმენტს. აქ მარტო ამნისტიაზე არ არის ლაპარაკი. არის ძალიან სერიოზული, ფუნდამენტური მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს, რომ თუ ჩვენ არ შევძელით ერთად მუშაობა და ნაბიჯის გადადგმა, ნდობის აღდგენა, ვერ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც წერია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.