ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან
ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესათანხმებლად გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოკუმენტის ტექსტი შეიცვალა. სამნიძის თქმით, არსებულ ვერსიას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებია.

„როგორც იცით, საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვხვდა, იქ გათვალისწინებული იყო კომენტარები და მოთხოვნები, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. ვთქვი არაერთხელ, თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვლებოდა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებდით, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებული იყო. როგორც ჩანს, რადიკალურად შეიცვალა, როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის, ვერ დგამს ნაბიჯებს; როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაირად ვერ ვხსნი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატის თქმით, ამ რეზოლუციის თანაავტორი „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება და როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ამაზე შეჯერდებიან, შეთანხმდებიან. სამნიძის თქმით, ამ რეზოლუციას „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირებს საკუთარი ინიციატივით.

„ოპოზიციის მხრიდან იყო მოთხოვნილი უფრო მკაცრი ფორმულირებები, მაგალითად რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ნახავთ, რეზოლუციაში ხაზგასმული არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ „ქართული ოცნება“ ფრთხილი იყო ამ საკითხში, მაგრამ პროცესში ჩანდა რიგი ფორმულირებები, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და რომელიც არ იყო აცდენილი რეალობას არც ერთ ეტაპზე; არც იმ ტონს, რომელიც გვესმის მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრისგან ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, მან არ გაითვალისწინა ეს შენიშვნები, კომენტარები და მზად არის, როგორც ჩანს, მხოლოდ თვითონ იყოს ინიციატორი და არ ჩათვალა საჭიროდ, ეს ინიციატივა ყოფილიყო საერთო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.