ხათუნა ლაგაზიძე - „შავი სიების“ შედგენამ შესაძლოა საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციისა და რევანშის შიში გააღრმავოს
ხათუნა ლაგაზიძე - „შავი სიების“ შედგენამ შესაძლოა საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციისა და რევანშის შიში გააღრმავოს

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ე.წ. შავი სიების შედგენის ფონზე უნდა გაიმიჯნოს სისტემასთან ბრძოლა და სახელმწიფოსთან ბრძოლა.

ლაგაზიძე განმარტავს, რომ უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომელთა ქმედებებშიც არის დასაბუთებული სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმ გზებითა და მეთოდებით, რომ გამოიწვიოს არა სისტემის, არამედ სახელმწიფოს ნგრევა.

„საერთაშორისო სანქციების მოთხოვნა ამ შემთხვევაში ემსახურება იმას, რომ დაბალი და საშუალო რგოლის მოხელეები, რომლებიც საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უმრავლესობას შეადგენენ, ერთი მხრივ, გააფრთხილონ და დააზღვიონ შეცდომებისგან, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ტიპის მოწოდებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს სწორედ სახელმწიფოს ჩამოქცევა და არა სისტემის ჩამოქცევა. მინდა, გავმიჯნო სანქციები, რომლებიც სახელმწიფო მოხელეებს დააზღვევს უკანონო მოქმედებებისგან და საჯარო მოხელეების მსახურება სახელმწიფოს მიმართ. არ მოხდეს ისე და ამის საშიშროება საკმაოდ მაღალია, რომ ამან გამოიწვიოს სახელმწიფოს ნგრევა და საჯარო მოხელეთა დიდი მასივის დემორალიზაცია, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა, მიგვიყვანოს აბსოლუტურ ქაოსამდე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ „შავი სიების“ შედგენამ შესაძლოა, ორი მიმართულებით იმუშავოს – ოპოზიციამ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა გადაბირება მოახერხოს ან პირიქით, ადამიანებს შიში გაუმყაროს.

„დღეს გვაქვს სრულიად განსხვავებული ვითარება, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა საკუთარ ზურგზე საკმაოდ მწვავედ იწვნია, ზოგმა დამანგრევლადაც. ამ ფონზე, ამ ტიპის ქმედებებმა შესაძლოა, საზოგადოებაში უფრო დიდი შიში გამოიწვიოს და გააღრმავოს არსებული შიში, გააღრმავოს „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციისა და შემდგომი რევანშის შიში.

ეს არის ჯოხი, რომელსაც ორი ბოლო აქვს – ერთი მხრივ, საჯარო მოხელეთა ნაწილში ამან შესაძლოა, წარმოქმნას იმის შიში და განცდა, მე თუ დღეს რამეს დავაშავებ ხვალ ისინი მომკითხავენო, მაგრამ მეორე ნაწილში, რომელიც შესაძლოა, გაცილებით უფრო დიდი იყოს, რაოდენობრივად გააჩინოს იმის განცდა, რომ მე თუ დღეს მყარად არ დავდექი ოპოზიციის წინააღმდეგ, ხვალ რა მელოდება, არავინ იცისო“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.