ხათუნა ლაგაზიძე - კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცდომას აღიარებს, მაგრამ ის დროს უკან ვერ დააბრუნებს
ხათუნა ლაგაზიძე - კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცდომას აღიარებს, მაგრამ ის დროს უკან ვერ დააბრუნებს

კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცდომას აღიარებს, მაგრამ ის დროს უკან ვერ დააბრუნებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, როგორ გაზარდოს თავისი ელექტორალური ნიშა. მიიხედა, მოიხედა და დახვდა დღეს ყველაზე პოპულარული და ტრენდული თემა – კონსერვატიზმი, ტრადიციულ, პატრიოტულ-რელიგიურ ღირებულებებზე აქცენტირება, რაც მთელ მსოფლიოში ტრენდია. მისი მიზანი ელექტორალური მასის გაფართოებაა, რადგან პროპორციულ არჩევნებში ისე არ მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად დაზარალებული არ აღმოჩნდეს, ვინაიდან პროპორციული არჩევნები რეალურად, დამოკლეს მახვილია „ნაციონალური მოძრაობის“ თავზე“, – განაცხადა ლაგაზიძემ

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ მიზნიდან ამოვიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „სწორ ტრენდზე დაჯდა, ეს მას ელექტორალური მასის განსაკუთრებულად გაფართოების საშუალებას არ მისცემს“. ლაგაზიძის განცხადებით, ამომრჩევლის დიდ ნაწილში „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდხანს, სწორედ იმ ძალასთან იგივდებოდა, რომელიც ულტრალიბერალიზმის მიმდევარი იყო.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე მწვავედ დგას ამომრჩევლის მობილიზების პრობლემა.

NDI-ის კვლევებს ვენდობით, თუ არ ვენდობით, ბოლო მონაცემებით, რაც ვნახეთ, ოპოზიციის რეიტინგი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუ უკიდურესად შემცირებულს არ ვიტყვით. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა თითქმის, 40% აიღო, დღეს კი, დავინახეთ, რომ ეს 40% სადღაც, 15%-მდეა დაყვანილი. საუკეთესო შემთხვევაში, განახევრებულია. ამასთან, წინ გვაქვს პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური ელექტორატი ბევრ სხვადასხვა პარტიას შორის ჩაიშლება“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საუკეთესო შემთხვევაში, ამომრჩევლის ის რაოდენობა დარჩება, რომელიც მას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰყავდა, რაც მიხეილ სააკაშვილის გადმოსახედიდან კატასტროფაა, რადგან ეს ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში აიღო.