ხათუნა ხოფერია - სრულად პროპორციული სისტემა უპარტიო ადამიანს ართმევს უფლებას, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, რაც არადემოკრატიულია
ხათუნა ხოფერია - სრულად პროპორციული სისტემა უპარტიო ადამიანს ართმევს უფლებას, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, რაც არადემოკრატიულია

არ იმუშავა მესიჯმა – პროპორციული არჩევნები აღარ იქნება და ბიძინა ივანიშვილმა მოგვატყუა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სპექტრი, რომელიც იქ არის წარმოდგენილი, არის – 22 თუ 30 პარტიის ლიდერები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და მათი ოფისის თანამშრომლები. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არ არის მოტყუებული ხალხის რეაქცია. მათ ერთადერთი, იმის იმედი ჰქონდათ, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ქვეყანას მიიყვანდნენ კოალიციურ უმრავლესობამდე და კოალიციური მთავრობის შექმნამდე“, – განაცხადა ხოფერიამ. 

მისი თქმით, საქართველოს 2012 წელს უკვე ჰყავდა კოალიციური მთავრობა და სწორედ ამან მოიტანა ის შედეგი, რაშიც ქვეყანა იმყოფება.

„რა ერქვა იმ უმრავლესობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გაიყვანა პარლამენტში?! კოალიციური ერქვა და მაშინდელი მთავრობაც კოალიციური იყო. იქ იყო ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სხვები და რა შედეგი მოგვცა ამ კოალიციურმა მთავრობამ?! – ის, რა დღეშიც დღეს ვართ. საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა, კოჰაბიტაცია, რომელიც მებრძოლ ადამიანებს თავს მოახვიეს, იყო ამ კოალიციური მთავრობის შედეგი“, – განაცხადა ხოფერიამ.

მისივე თქმით, სრულად პროპორციული სისტემა უპარტიო ადამიანს ართმევს უფლებას, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, რაც არადემოკრატიულია.

„ზურაბ ჟვანიას მერე მე ლიდერი არ მყოლია და ჩემთვის ძალიან რთულია, ვიღაცის პარტიაში ვიყო. რატომ უნდა ვილიდერო ვინმე, გინდ „ქართული ოცნება“ იყოს და გინდაც სხვა?! მე ხომ პრაქტიკულად, მართმევდნენ არჩევნებში ჯენჭისყრის უფლებას და ამიტომ, ის რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ჩემთვის ტრაგიზმს არ წარმოადგენდა. ჯერ ერთი, მხარს არ ვუჭერდი და მეორეც, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნა ჩვეულებრივი მომენტია“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.