ხათუნა ხოფერია - სალომე ზურაბიშვილი ჩემი და თქვენი თანამებრძოლია, ის წვიმასა და ქარში ჩვენთან ერთად იბრძოდა [ვიდეო]

სალომე ზურაბიშვილი ჩემი და თქვენი თანამებრძოლია, ის წვიმასა და ქარში ჩვენთან ერთად იბრძოდა, – ამის შესახებ სამტრედიის მოსახლეობასთან საზოგადოებრივი მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე ხათუნა ხოფერიამ განაცხადა.

ხათუნა ხოფერიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა, რაც მას არ დაუმსახურებია.

„ზოგადად შემიძლია, ასე უბრალოდ, მოკლედ ვთქვა, რომ ადამიანს ღირსება ან აქვს, ან არ აქვს. ჩვენ წაგვართვეს ფუფუნება. მთავარი ფუფუნება, რომელიც დღესაც უნდა გვქონოდა, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა პერსონებს, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პლატფორმებს შორის. არა, ამის უფლება ჩვენ არ მოგვცეს, გვაგინეს. გვარამია გამოვიდა და გვაგინა. იმიტომ კი არა, რომ ვინმე საგინებელი იყო, არა ჩემო კარგებო, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ნებისმიერს შეაგინებდა გვარამია, რადგან ტემპერატურა უნდა აწიოს.

აი, ის ჟურნალისტი გოგო, რომელმაც სალომეს შეურაცხყოფა მიაყენა, მასაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რადგან ტემპერატურა უნდა აიწიოს, რომ სიმშვიდე, სიწყნარე, რომელიც გვქონდა, ღამე ძილის რომ არ გვეშინოდა, აი, ეს უნდა დაგვირღვიონ. რომელ სალომეს შეაგინა, ხომ არ იცით, აი, იმ სალომეს, რომელსაც 2007-2008 და 2009-2010 წლებში ჩვენთან ერთად ბუშლატა ეცვა, წვიმაში, ქარსა და თოვლში ჩვენთან ერთად დადიოდა და იბრძოდა? მე არ ვიცი, რა პიარი გაუკეთეს სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს. მის წინაპრებს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ სალომე ჩვენი თანამებრძოლია, თქვენი და ჩემი თანამებრძოლი. ამ ქალს ეს არ დაუმსახურებია.

არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი შეადარო ადამიანს, რომელსაც საკუთარ შვილზე კითხვა დაუსვეს, ქართული იცის თუ არაო და ხელი აუქნია, სახე შეეცვალა, თავის 40 წლამდე მიღწეულ ბიჭზე პასუხი ვერ გასცა. რომელ ბიჭზე იცით? რომელიც არც ჩამოსულა, მამას გვერდით არ დადგომია. რა მამაშვილობა ჰქვია ამას, რა ოჯახი ჰქვია, შეიძლება ხალხნო, რომ ასეთ ადამიანებს შორის გვიკეთებდნენ არჩევანს“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.