ხათუნა ხოფერია - საკვირველია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რამდენიმე არასამთავრობოს შორის უნისონი არსებობს და მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა
ხათუნა ხოფერია - საკვირველია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რამდენიმე არასამთავრობოს შორის უნისონი არსებობს და მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა

საეჭვოა, როდესაც არასამთავრობოები მძიმე ბრალდებას აყენებენ, ერთი საათის შუალედში ამ ბრალდებაში რაღაცას ცვლიან და ვექტორები სხვა მხარეს გადააქვთ, – ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა, ხათუნა ხოფერიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი განცხადება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთდა, ძირითადად, ID ბარათებს ეხებოდა და იყო საუბარი, რომ ახალი პირადობის მოწმობები იბეჭდება, რამდენიმე საათის შემდეგ კი, მათ განცხადება ჩაასწორეს და თქვეს, რომ საუბარი იყო ძველ, ლამინირებულ პირადობის მოწმობებზე. ხოფერიას შეფასებით, არასამთავრობოების ეს განცხადებები ეჭვს აჩენს.

„გაჩნდა ეჭვი, რომ მათ არანაირი რეალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. როცა ადამიანი მოდის და ასეთ ინფორმაციას გაწვდის, ასეთ მნიშვნელოვან დეტალზე კი არაფერს ამბობს, ცოტა ისეთი თემაა. ითქვა, რომ თურმე, ეს მოწმობები სადღაც, ჩხოროწყუში იბეჭდება, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ჩხოროწყუში ID ბარათები საერთოდ არ იბეჭდება; მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, იქ, რაღაც ძველი აპარატურა დგას; მერე თქვეს, რომ ID ბარათები არ უხსენებიათ და პრაქტიკულად, ეს თემა შეცვალეს. არჩევნებამდე 8 დღე დარჩა და ასეთი თემები ალბათ, მომრავლდება და ბევრი იქნება“, – განაცხადა ხოფერიამ.

ამასთან, როგორც მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა აღნიშნა, მისთვის გასაკვირია, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის უნისონი არსებობს და მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. 

„ჩემთვის, ძალიან საკვირველია, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის უნისონი არსებობს და მათი აზრების თანხვედრაა. ეს ადამიანები თავის ჭკუაზე ძალიან დიდხანს გვატარებდნენ. ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევდით, როცა სახალხო დამცველს ვირჩევდით, როცა სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და ამ დროს, ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ შესაძლოა, ეს NGO-ები პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ სერიოზულად იყვნენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ვფიქრობ, ეს მათი დამფინანსებლებისთვისაც ძალიან მიუღებელი უნდა იყოს“, – განაცხადა ხოფერიამ.

როგორც ხოფერიამ აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი არჩევნების გაპროტესტების ტალღას ამზადებს.

„ჩვენ ეს 2003 წელს გამოვლილი გვაქვს, როგორ ხდებოდა ამ თემების დამუშავება, ხალხამდე მიტანა, რომ გარკვეული განწყობები ყოფილიყო. სანამ ID ბარათების თემას შემოაგდებდნენ, იყო მაქსიმალური მცდელობები, სიტუაცია დაეძაბათ და ტემპერატურა აეწიათ. საამისოდ კი ყველა მიღებული თუ მიუღებელი წესი იქნა გამოყენებული“, – განაცხადა ხოფერიამ.

მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი რაღაც გარკვეული პოლიტიკური ტემპერატურისა და დაძაბულობის ზრდისთვის არის გამიზნული, რომ თავიანთ ამომრჩეველს ილუზიები გაუჩინონ და ქუჩის აქციებისთვის მოამზადონ.

„მათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა ბევრჯერ სცადეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაძაბულობასა და ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვართან მიყვანაზე მათი ამომრჩეველიც კი ნაკლებად მიდის. მინდა, მათ მივმართო – არც იფიქროთ! ეს არ გამოგივათ, გამორიცხულია! მათ ბევრი მცდელობა ჰქონდათ და ბევრი თემები შემოაგდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არ გამოდის და ნურც ეცდებიან“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.