ხათუნა ხოფერია - სახელმწიფო სამშობლოს გარეშე არის ცხრაწლიანი საქართველო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც მის ხელში იყო
ხათუნა ხოფერია - სახელმწიფო სამშობლოს გარეშე არის ცხრაწლიანი საქართველო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც მის ხელში იყო

მიშასთვის სახელმწიფო სამშობლოს გარეშე ჩვეულებრივია, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სამშობლოს გარეშე სახელმწიფო არაფერი არ არის. ეს არის სიცარიელე, ფუღურო და რაღაც კანონების გროვა, რომლითაც ეს მექანიზმი იმართება. მიშასთვის ეს დეფინიცია ძალიან ბუნებრივია და მე მას ვერ გავკიცხავ, რადგან ჩვენ, ყველას ჩვენი არჩევანი გვაქვს, რა უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და ჰქონოდა მცდელობა, ქართული სახელმწიფო აეშენებინა; ის შეიძლება, იყოს ოდესის გუბერნატორი და ფიქრობდეს, რომ უკრაინის სახელმწიფოს აშენებს; ჩავიდეს პოლონეთში და პოლონელებს პოლონური სახელმწიფოს მშენებლობა შესთავაზოს. ეს მისი არჩევანია, მაგრამ ის არ არის იმ მოცემულობაში, რასაც მართლა სამშობლო ჰქვია და ტრადიციები, რაზეც ახლა აპელირებს“, – აღნიშნა ხოფერიამ. 

მისი თქმით, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სააკაშვილისთვის სახელმწიფოა, მისთვის კი სამშობლო, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ საქართველო სახელმწიფოა, სამშობლო კი სოფლის ორღობეა.

„რას ნიშნავს სახელმწიფო სამშობლოს გარეშე? ეს არის მიშა სააკაშვილის ცხრაწლიანი საქართველო, სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აუპატიურებდა, კლავდა და ბიზნესებს ართმევდა. ეს არის ძალაუფლება, მართვის ბერკეტები, ძალიან ბევრი ფული და ა.შ. სახელმწიფო სამშობლოს გარეშე ეს არის ცხრაწლიანი საქართველო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა წამებებით, ნულოვანი ტოლერანტობით, ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რომელიც მის ხელში იყო. იქ არ იყო ქართველი ხალხის, საქართველოს სიყვარული. იქ იყო სვანეთში ამოთხრილი ძვლები, რომელიც მთელ სვანეთს ზემოდან გადააფარეს“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.