ხათუნა ხოფერია პრეზიდენტს მიმართავს, ირაკლი ბათიაშვილსა და 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭოს
ხათუნა ხოფერია პრეზიდენტს მიმართავს, ირაკლი ბათიაშვილსა და 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭოს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ინიციატივით გამოდის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილსა და 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭოთ.

როგორც ხათუნა ხოფერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში არსებობს ეროვნული გმირის ორდენი და ეს ორდენი არ აქვთ მინიჭებული 9 აპრილს დაღუპულებს.

„9 აპრილს დაღუპულების შესახებ სულ მესმოდა – ეროვნული გმირები, ჩვენი გმირი გოგოები, ჩვენი გმირი ბიჭები. მერე უბრალოდ დავინტერესდი, მათ ოფიციალურად რა სტატუსი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ისინი არ არიან ეროვნული გმირები. ქვეყანაში არსებობს ეროვნული გმირის ორდენი და მათ ეს ორდენი მიღებული არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, მე ეს ძალიან გამიკვირდა. ამის შემდგომ გადავწყვიტე, პრეზიდენტისთვის მიმემართა და მეთხოვა, რომ ერის, ბერის, ქვეყნის და ქართველი ხალხის წინაშე ეს საქმე გასაკეთებელია. ჩვენ ვალდებული ვართ. ზოგადად საზოგადოება, ხალხი ძალიან ბრძენია. ის ყოველთვის ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ვინაიდან 9 აპრილს დაღუპულებს, ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის შეწირულებს დაარქვეს ეროვნული გმირების სახელი ე.ი. მათ ეს ეკუთვნით. ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთო. მადლობა ირინა ბათიაშვილს, ირაკლი ბათიაშვილის შვილს, რომელმაც ძალიან იაქტიურა, ვისაც შევძელით დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. სამშობლოსთვის სიკვდილი ყველაზე აღმატებულია, ყველაზე უფრო თუ შეიძლება მაგარი სიკვდილია, რითაც შიძლება ადამიანი გარდაიცვალოს, თავის სამშობლოს შეეწიროს. ჩვენ არ უნდა მივყვეთ იმ გზას, რომ აღრევა მოხდეს ღირებულებების. ეს გმირები, ვინც 9 აპრილს დაიღუპა და ჩვენი ირაკლი ბათიაშვილი, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ღირებულებებს, ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს ოჯახებს შეეწირნენ და ეს არის ის უმაღლესი ღირებულებები, კიდევ ბევრი საუკუნეები უნდა ატაროს“, – განაცხადა ხოფერიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მიმართვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაიგზავნება.

„ქალბატონო სალომე, მოგმართავთ წინადადებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ ქართველს გაახარებს და თქვენც და ჩვენც მოგვცემს საშუალებას მადლიერების გამოხატვის! ისტორიული სამართლიანობის აღდგენის! საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება. ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების უფლება აქვს პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილებით. დიახ, თქვენ გაქვთ ექსკლუზიური უფლება ისტორიული სამართლიანობის არდგენის, რადგან 9 აპრილის გმირებს, დღესაც მოიხსენიებს ხალხი, როგორც ეროვნულ გმირებს! 1. ირაკლი ბათიაშვილი – ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი – ერთადერთი, ვინც რუსების მიერ სასიკვდილოდ გამეტებულთაგან ცოცხალი გადარჩა. 2. აზა ადამია, 22 წლის; 3. თამარ ჭოველიძე, 16 წლის; 4. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის; 5. ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის; 6. ნატო გიორგაძე, 23 წლის; 7. თამუნა დოლიძე, 28 წლის; 8. თინა ენუქიძე, 70 წლის; 9. ნინო თოიძე, 22 წლის; 10. ზაირა კიკვიძე, 61 წლის; 11. მანანა ლოლაძე, 34 წლის; 12. თამარ მამულაშვილი, 50 წლის; 13. ვენერა მეტრეველი, 45 წლის; 14. მამუკა ნოზაძე, 21 წლის; 15. ნანა სამარგულიანი, 41 წლის; 16. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის; 17. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის; 18. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; 19. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის; 20. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის; 21. მანანა მელქაძე, 26 წლის; 22. გია ქარსელაძე, 25 წლის ქალბატონო სალომე, თქვენ მოგიწიათ ძალიან მძიმე ტვირთის აღება საკუთარ თავზე, როდესაც შეწყალებით გამოგაშვებინეს და პოლიტპატიმრებად შერაცხეს ქვეყნისა და ხალხის, კანონისა და სამართლის წინაშე დამნაშავე პირები! მე გთავაზობთ, მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ეროვნულ მოძრაობას, ქართულ ტრადიციებს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს და უტეხ ქართულ სულს! დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეს საქართველოს“, – აღნიშნა ხოფერიამ.