ხათუნა ხოფერია - ფარულ ჩანაწერებში ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე პირდაპირმა მინიშნებამ დანტონისა და რობესპიერის ამბავი გამახსენა
ხათუნა ხოფერია - ფარულ ჩანაწერებში ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე პირდაპირმა მინიშნებამ დანტონისა და რობესპიერის ამბავი გამახსენა

ზურაბ ჟვანიას მეგობარი და პარტიის წევრი, პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.

„არსებობს ლეგენდა, თუმცა, იქნებ სინამდვილეშიც ასე მოხდა: ეშაფოტისკენ მიმავალი ურემი, რომელზეც დანტონიც იჯდა, რობესპიერის ფანჯრებქვეშ ჩაუტარებიათ და დანტონს შეუძახნია უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლისთვის, ვისი ბრძანებითაც მიესაჯა სიკვდილი – “მაქსიმილიან, გელოდებიო!”

საფრანგეთის რევოლუციას თავისი მნიშვნელობით ვარდების რევოლუცია, ცხადია, ვერ შეედრება, მაგრამ ფორმითა და შინაარსით ყველა რევოლუცია ერთმანეთს ჰგავს.

დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ისევ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე რომ იყო პირდაპირი მინიშნება, დანტონიცა და რობესპიერიც იმან გამახსენა!“, წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბრის ჩანაწერში, სადაც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიაც არის ნახსენები.

დაცვის თანამშრომელი ამბობს: „საწყალი ჟვანია როგორ მოკვდა, რა მოხდა მაგაზე?“

გიორგი დგებუაძე კი პასუხობს: „ჟვანიაზე… გადატრიალებას აპირებდნენ ეგენი. ხო ნახე რაც მოხდა ჟვანიაზე, დამიჯერე რა, მენდე რა, მენდე!“.

პროკურატურის ცნობით, ჩანაწერი 2007 წლის 4 თებერვალს არის გაკეთებული.

ჩანაწერის თანახმად, გიორგი დგებუაძე დაცვის თანამშრომელს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ესაუბრება.

საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნა.