ხათუნა ხოფერია - ამოიღეთ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების 2007 წლის გამოსვლები, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ უდაბნო, ჩიჩხიტური საქართველოს ტერიტორია არ არის, ამ საქმეზე სააკაშვილის მთავრობა ქვეყნის წინაშე დანაშაულშია ბრალდებული
ხათუნა ხოფერია - ამოიღეთ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების 2007 წლის გამოსვლები, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ უდაბნო, ჩიჩხიტური საქართველოს ტერიტორია არ არის, ამ საქმეზე სააკაშვილის მთავრობა ქვეყნის წინაშე დანაშაულშია ბრალდებული

გუშინ ფეხზე ედგნენ ადამიანს, ეძახდნენ გმირს, რომლის მიმართაც, პრაქტიკულად, 15-წლიანი განაჩენია გამოტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „ტვ პირველის“ ეთერში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

ხოფერიას თქმით, დავით გარეჯი რომ საქართველოს ტერიტორიაა, ამისი დამადასტურებელი დოკუმენტი თავად გარეჯია. ამასთან, როგორც ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, 2007  წელს, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური საქართველოს ტერიტორია არ არის. სწორედ ამიტომ, ხოფერია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ამ ქვეყნის ერის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.

„ვფიქრობ, იყო თუ არა გამოსაშვები, ეს თემა უტრირებულია. იმდენად სათუთია, ნამდვილი კავკასიური ცარცის წრეა. დღეს ტიპური კავკასიური ცარცის წრის თემატიკაში ვართ – ვინ გადაქაჩავს, ვინ იქნება დედა, ერთგული, მგრძნობიარე და მოსიყვარულე. მსოფლიოში მიღებულია, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში, როდესაც გარკვეული საძიებო სამუშაოები ჩატარდება, მათ შორის ჩვენებების ჩამორთმევა, მოხდება ადამიანების იზოლაცია და მათგან ინფორმაციის მაქსიმალურად ამოღება, შემდეგ ისე ხდება ხოლმე, რომ უშვებენ. ის, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, მთავარი მოწმე, მთვარი დოკუმენტი თავად გარეჯია. აქ სხვა აზრი უბრალოდ, არ შეიძლება, არსებობდეს.

მაწუხებს, რომ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის პერიოდში საგუშაგო მოიხსნა. შემდეგ ამ საგუშაგოზე აზერბაიჯანელი მეგუშაგეები დადგნენ. გზა, რომელიც აზერბაიჯანამდე მიდის, ახლა კეთდება, ანუ აზერბაიჯანელებს იქ არაფერი არ ჰქონდათ. იქნებ, ამოიღოთ 2007 წლის მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების გამოსვლები, სადაც ისინი პირდაპირ ამბობენ- აქ ერთ უბანზე არ არის საუბარი, უდაბნოზე და ჩიჩხიტურზეა ლაპარაკი, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის. გთხოვთ, ამოიღოთ დოკუმენტური მასალები და საზოგადოებას გააცნოთ, რას ამბობდა მიხეილ სააკშვილის მთავრობა. მიხეილ სააკაშვილის მთავრობა არის ბრალდებული დანაშაულში ჩემი ქვეყნის ერის წინაშე. ამ ცხრა წლის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ემხილებინა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დანაშაულში. ახლა უნდა ვსაუბრობდეთ, რა სიმძიმის არის ეს დანაშაული, ღალატია თუ შემთხვევით არის მომხდარი.

ივერი მელაშვილს რა უნდა შევედავოთ. კომისია არსებობდა, მას დავალება ჰქონდა მიღებული და როგორც ამ საქმის პროფესიონალი, დავალებას ასრულებდა. მართალია, 1996 წელს სრულიად სხვა დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ეს ტერიტორიები საქართველოსი იყო. შემდეგ გადააკეთა და უკვე სხვა დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომ ეს საქართველოს ტერიოტორია არ იყო. ამ ყველაფერს ჩემ გარეშე გაარკვევენ. პროკურატურას მივცეთ გამოძიების პროცესში თავისუფლება და განვსაზვროთ, რა დანაშაული ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. მე გარეჯი არავისთვის მიმიცია, გარეჯი დღესაც ჩემია და არაფერი გარეჯის დასაბრუნებელი არ მჭირს. გარეჯი იყო, არის და იქნება ჩემი შვილების და შვილისშვილების. იმას, რაც ჩემს სამშობლოში დღეს ხდება, პოლიტიკა არ ჰქვია, არამედ არის პოლიტიკური ორგიები. „ქართული ოცნებაც“ ამ ორგიების პროცესშია ჩართული. ნებისმიერი რიგითი მოქალაქისთვის ამისი ატანა წარმოუდგენელია. იცით, რომ ჩემი და წინა თაობა დავით გარეჯისთვის ვცოცხლობდით და როგორ გგონიათ, მელაშვილ-სააკაშვილს, ვინმეს ეს საქმე ეპატიება? ივერი მელაშვილი თავის დანაშაულს არადროს არ აღიარებს. არსებობს საქციელი, რასაც ადამიანი ვერასდროს ვერ აღიარებს.

ტელეკომპანია „პირველზე“ გადაცემას ვუსმენდი, სადაც ამბობდნენ, რომ, აი, ორ საათში ხალხმა რამდენი ფული გადმორიცხა. შეხედეთ, როგორი მხარდაჭერა აქვს მელაშვილსო. ეს ხალხი ქუჩაში გამოსაყვანად გინდათ? დავით გარეჯის თემას იმისთვის უტრირებთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოთ? ამ საკითხზე ხალხი ქუჩაში არ გამოვა. საზოგადოება ჩამოყალიბდება და განაჩენს თავად გამოიტანს. თუმცა ეს მარტივი თემა არ არის. ვიმეორებ, ეს არის კავკასიური ცარცის წრე, საიდანაც ჩვენ ასე იოლად ვერ გამოვალთ. ეს ჩვენი მიწაა, საცხოვრისია, სალოცავი, ჩვენი საერთოა. როგორ უნდა თქვას კაკო ბობოხიძემ, რომ ჩვენი ტერიტორია არ არისო. აკაკის ამისი უფლება ვინ მისცა. სამშობლო რასაც ჰქვია, ყველას ერთი გვაქვს“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.