ხათუნა გოგორიშვილი - საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად წარვდგებით, როგორც ერთი სუბიექტი
ხათუნა გოგორიშვილი - საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად წარვდგებით, როგორც ერთი სუბიექტი

„თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობა უკვე შემდგარია და საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ერთად ვიქნებით, როგორც ერთი სუბიექტი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, „ევროპულ აქართველოს“ ვინმე ახალი სუბიექტი არ შემოუერთდეს. ამ მიმართულებით რამე რომ იყოს, ნამდვილად გეტყოდით, ვისთან არის მოლაპარაკება, თუმცა, შეიძლება, ვიღაც ასეთი გამოჩნდეს – ან უკვე არსებული პარტია, ან შესაძლოა, ახალი პარტია შეიქმნას“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ამ განცხადებით დეპუტატმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ხდება თუ არა „ევროპული საქართველოს“ მიერ ახალი მოკავშირეების ძებნა ყოფილი, დედა პარტიისგან გაყოფის ხარჯზე, რადგან მისგან დისტანცირების შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ ახალი მოკავშირეების ძებნა დაიწყო და ამ მომენტში ჰყავს სიტუაციური მოკავშირე „თავისუფალი დემოკრატები“, რომელთანაც ღრმა თანამშრომლობაში შევიდა.

როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, პირველი, რაც უნდა თქვას ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, არის ის, რომ ის ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნის უმრავლესობას.

„ეს არის პირველი თეზა, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისგან ჩვენთვის არის მთავარი მესიჯი – დააპირებენ ამას თუ არა“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ექნება „ევროპულ საქართველოს“ მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან წინასაარჩევნო პროცესში და იმუშავებს თუ არა ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ ფორმულა, რომ ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობას არ შეუქმნის, გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფორმულა არის არჩევნების შემდეგ, არჩევნებში კი ყველას თავისი გზა, კამპანია და პროგრამა აქვს.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ის არჩევნების გაყალბებას 2020 წელს, რადგან გვაქვს აბსოლუტურად სხვა საწყისი ვითარება – ბევრი პარტია, ნულოვანი ბარიერი და ამ ვითარებას ვერც ერთი ადმინისტრაციული რესურსი ვერ შეცვლის ისე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა რომელიმე პარტიამ მიიღოს, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გააჩნია, რას ვეძახით არჩევნების გაყალბებას.

„თუ ეს არის კლასიკური გაგებით, რომ არჩევნებზე სამი კაცი მივიდა და ყუთში შვიდი ბიულეტენი აღმოჩნდება, ასეთი რამ საქართველოში ძალიან დიდი ხანია არ ხდება. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. მთავარი პრობლემა არის წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა. ანუ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანი მიდის კონკრეტულად იმის შიშით, თვითონ, ან მისი ოჯახის წევრი სამსახურიდან არ მოხსნან, ან სოციალური დახმარება არ მოუხსნან, ან პირიქით – იმის იმედად, რომ თუ კარგად მოიქცევა, სოციალურ დახმარებას დაუნიშნავენ. ახლა, აი, ასეთი ზეგავლენაა მთავარი. მეორე მომენტი არის ტელეფონით გადაღებული ბიულეტენის ფოტოები, რომელიც აუცილებლად უნდა აჩვენო შენს კონკრეტულ უფროსს, ან უბნის კოორდინატორს“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რაც საარჩევნო კანონში უნდა ჩაიდოს და, რომელიც ამომრჩეველს ამ მიმართულებით დააზღვევს.

„ერთ მაგალითს გეტყვით. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნიდან ხუთასი მეტრის რადიუსში თავშეყრა აიკრძალოს“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ბევრი პოლიტიკური სუბიექტი იქნება, ყველას თავისი მხარდამჭერი ეყოლება და ეს იქნება მეორე მთავარი ფაქტორის გარანტია, რომ იქნება ძალიან მაღალი აქტივობა, რაც ყველაფერ ცუდსა და უარყოფითს გაართულებს.

დატოვე კომენტარი