ხათუნა გოგორიშვილი - რაც მეტი პროდასავლური პარტია იქნება პარლამენტში, მით უკეთესი, თუმცა ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რაც კანონმდებლობაზე მუშაობისას გამოჩნდება 
ხათუნა გოგორიშვილი - რაც მეტი პროდასავლური პარტია იქნება პარლამენტში, მით უკეთესი, თუმცა ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რაც კანონმდებლობაზე მუშაობისას გამოჩნდება 

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი ინტერესდება, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ნიშნავს თუ არა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები ბლოკში ვერ გაერთიანდებიან.

როგორც ჟურნალისტებს გოგორიშვილმა განუცხადა, „ევროპული საქართველო“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩაერთვება.

„მთავარია, ბიძინა ივანიშვილი შეშინებული და გაჭირვებულია, რაც სახეზეც ეტყობოდა. პროპორციულ არჩევნებზე დათანხმება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების დროს იყო იმის ინიციატორი, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს ვერ დაითანხმებდა, ყველაფერზე მეტყველებს. ხალხის პროტესტმა თავის შედეგს მიაღწია. პატარა მაიმუნობები და მამაძაღლობები რაც შეიძლება, ამ ყველაფერს მოჰყვებოდეს, ბიძინა რა ბიძინაა, რომ პატარა შესაძლო მაიმუნობები არ ჩაედო. ნულოვანი ბარიერი იმას ნიშნავს, რომ ახალი პარტიების შექმნას გამოაცხადებენ და შუშის სასახლის კართან რიგი დადგება, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილს ვერანაირად ვერ უშველის. საქართველოში ახალი „პატრიოტთა ალიანსები“ არ შეიქმნება. ამის გარანტია ხალხია, ვინც ამდენი დღეა, ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებს ადამიანებისა და მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, რამდენი პარტიაც არ უნდა შეიქმნას, ერთ მანდატსაც კი ვერ მოიპოვებს პარტია, რომელიც „რუსეთისკენ ცალ თვალს მაინც გააპარებს“.

„რამდენი პარტიაც არ უნდა შექმნან, ან არ უნდა იშოვონ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდნავ მაინც რუსეთისკენ ცალ თვალს გააპარებს, მხარდაჭერილი ვერ იქნება ქართველი ხალხის მიერ და ხმების ერთ მანდატსაც ვერ მოიპოვებს.

რაც უფრო მეტი პროდასავლური პარტია იქნება პარლამენტში, მით უკეთესი. ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რაც საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობისას გამოჩნდება. იგივე ნულოვანი ბარიერი ნიშნავს თუ არა იმას, რომ პოლიტიკური პარტიები არ შეიძლება, ბლოკში გაერთიანდნენ. ბევრი დეტალი გამოაჩენს, ვის როგორი სტრატეგია ექნება“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ამ პროცესში აუცილებლად ჩაერთვება.

„ამ პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით. „ქართული ოცნება“ არის ცნობილი მატყუარების გუნდი, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ბოლო დღეების განმავლობაში ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. პროპორციულ გადასვლაზე განცხადება არ ნიშნავს, რომ კანონში ყველაფერი სწორად ჩაიწერება. ამიტომ, ჩაქუჩებით თავზე დადგომაა საჭირო და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გაუგებარიც არის, ეს პროცესი მომავალი კვირიდან რატომ იწყება. გასაგებია, რომ თალაკვაძის თავმჯდომარეობა ბიძინა ივანიშვილისთვის ღამე ტკბილი ძილის გარანტიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი კვირა არ ვიმუშაოთ იმაზე, რაც დღეს გამოცხადდა“, – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.