ხათუნა გოგორიშვილი - იქნებ ხელისუფლება ხელმოწერებმა გააღვიძოს და მაჟორიტარულ სისტემაზე უარი ათქმევინოს
ხათუნა გოგორიშვილი - იქნებ ხელისუფლება ხელმოწერებმა გააღვიძოს და მაჟორიტარულ სისტემაზე უარი ათქმევინოს

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით, იქნებ ხელისუფლება მილიონი ხელმოწერის შეგროვებამ გააღვიძოს და იმ სისტემაზე უარი ათქმევინოს, რომლითაც 30-პროცენტიან პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.

როგორც გოგორიშვილმა განაცხადა, ყველა პოლიტიკური ძალა ერთ პოზიციაზეა და „ქართული ოცნება“ – განსხვავებულზე.

„როგორც გამოცდილება აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ დიდად არ აწუხებს, პოლიტიკური სპექტრიდან ამოვარდნილი რომ არის და განსხვავებული პოზიცია აქვას, თუმცა ერთადერთი ინსტრუმენტი, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, ამომრჩევლის ნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო, ოპოზიციამ მილიონი ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო, რომ იქნებ ამით ხელისუფლება გააღვიძოს და იმ სისტემაზე უარი ათქმევინოს, რომლითაც 25-30-პროცენტიან პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით, გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიციას ხელმოწერების შეგროვების მიზნით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს ბლანკს გადასცემს.

საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. ოპოზიციას საქართველოს კონსტიტუციური პროექტის ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება, თუმცა ისინი მილიონი ხმის შეგროვებას გეგმავენ. ოპოზიციას ხელმოწერების შეგროვებისთვის ოთხთვიანი ვადა აქვს.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შემდეგ კი, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.