ხათუნა გოგორიშვილი - კომიტეტის სხდომა დილით ადრე დანიშნეს, რათა ნიკა მელია 12:00-13:00 საათისთვის უკვე დაიჭირონ, გადაგვიყვანეს ბიძინას რეჟიმში

საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში, სადაც საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომა უნდა გაიმართოს ხმაური იყო.

სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომა დილით ადრე დანიშნეს, რათა ნიკა მელია 12:00-13:00 საათისთვის უკვე დაიჭირონ.

„გადაგვიყვანეს ბიძინას რეჟიმში. ხუთი დღე გვქონდა შსს-ს რეჟიმი, დღეს უკვე ბიძინას რეჟიმი დაიწყო. როდესმე ყოფილა რომ დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“ დაუჭერიათ ან არ დაუჭერიათ მხარი იმის მიხედვით, რას ფიქრობენ. ეს არის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს დაუჭერენ მხარს, რასაც ბიძინა ეტყვის. ხვალ რომ შემოვიდეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საქართველო აღარ უნდა ერქვას, ამასაც დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატ ილია ნაკაშიძეს მიმართა: „სარკეში ჩაიხედე და შეგრცხვეს შენი თავის. მონებო“.

უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში დღეს უნდა იმსჯელონ.