ხათუნა ჭინჭარაშვილი - წარმოუდგენელია, კიბო მარტო ერთი პაციენტის პრობლემა იყოს
ხათუნა ჭინჭარაშვილი - წარმოუდგენელია, კიბო მარტო ერთი პაციენტის პრობლემა იყოს

კიბო ჩემგანაც ისევე სტანდარტულად შორს იყო, როგორც ყველასთვის, – ამის შესახებ „ევროპა დონა საქართველოს“ საბჭოს წევრმა, ონკოსაზოგადოება H.O.P.E.-ის დამფუძნებელმა, ხათუნა ჭინჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მოგიყვებით, როგორ გავიცანით ერთმანეთი მე და კიბომ ორი წლის წინ. ისევე, როგორც ყველასთვის, კიბო ჩემგანაც სტანდარტულად შორს, სხვაგან იყო და რა თქმა უნდა, ამაზე არასდროს მიფიქრია. პირველი, რაც შევამჩნიე, ის იყო, რომ კიბო არ იყო რაღაც ერთი პრობლემა. იყო ძალიან კომპლექსური და ძალიან ბევრი ჩანართი ჰქონდა. ის ჩემთვის არ იყო მარტო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. იყო სოციალური პრობლემაც, მენტალურიც, ფსიქოლოგიურიც, წმინდა ტექნიკურიც და ფინანსურიც. ანუ, ძალიან ბევრი კომპონენტი ჰქონდა. მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა მომეგვარებინა და ეტაპობრივად მივყევი“, – განაცხადა ჭინჭარაშვილმა.

მისი თქმით, რადგან კიბო ამდენ კომპონენტს მოიცავს, ის არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი პაციენტის პრობლემა.

„წარმოუდგენელია, ეს მარტო ერთი პაციენტის პრობლემა იყოს და ამიტომ, ჩემ გარშემო ყველას ჩართულობას მოითხოვდა. ახლაც ასე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სახელმწიფოც, მედიაც, საზოგადოებაც და თითოეული პაციენტიც“, – განაცხადა ჭინჭარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ გაუმკლავდა ფინანსურ პრობლემებს, რაც ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ხათუნა ჭინჭარაშვილმა განაცხადა, რომ მას კერძო დაზღვევა ჰქონდა და ამ შემთხვევაში საქმე მარტივადაა, რადგან პაციენტი პაკეტით სარგებლობს, მაგრამ პრობლემა ლიმიტის ამოწურვისთანავე იქმნება, რაც კიბოს მკურნალობის დროს აუცილებლად დგება.

„კიბოს მკურნალობის დროს ლიმიტი აუცილებლად გეწურება და უკვე შენი სახსრებით გიწევს მკურნალობა. ამის შემდეგ მკურნალობა თავიდან ბოლომდე იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაგიდგებიან გვერდით ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და საზოგადოება. შეუძლებელია, გქონდეს იმის რესურსი, რომ ამას პირადად გაუმკლავდე. კიბოსთვის ასე გადადებული ფული ალბათ, არავის აქვს და ბუნებრივია, დახმარება ყველას სჭირდება“, – განაცხადა ჭინჭარაშვილმა.

როგორც ჭინჭარაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო დაზღვევა სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის ქიმიოთერაპიის კურსს 100 პროცენტით ანაზღაურებს, დანარჩენებისთვის კი 70 პრცენტით, მაგრამ სამწუხაროდ, არ ანაზღაურდება ქიმიოთერაპიების დროს გვერდითი ეფექტების სამართავი მედიკამენტები და გეგმური კვლევები, რაც ონკოპაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.

„ძალიან კარგია, რომ ამ ეტაპზე იმუნოთერაპია უკვე მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ფინანსდება. ანუ, რაც მხოლოდ თბილისის მოსახლეობისთვის იყო, მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა. გარდა ამისა, ამ ეტაპზე ძალიან კარგი იქნება იმუნო ჰისტოქიმიური კვლევის დაფინანსება, რადგან როცა ადამიანი დიაგნოზს გაიგებს, შემდგომი მკურნალობის დასაწყებად ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა და არ ფინანსდება“, – განაცხადა ჭინჭარაშვილმა.

ჭინჭარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ის მიზანია, საზოგადოებაში ონკოსიფხიზლე მაქსიმალურად გააღვივოს და შეინარჩუნოს.

დატოვე კომენტარი