ხატია წილოსანი - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიას დაეფუძნება ყველა პროგრამა, რასაც სამინისტრო მომდევნო წლებში განახორციელებს
ხატია წილოსანი - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიას დაეფუძნება ყველა პროგრამა, რასაც სამინისტრო მომდევნო წლებში განახორციელებს

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიას დაეფუძნება ყველა ძირითადი მიმართულება, პროექტი და პროგრამა, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს მომდევნო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განაცხადა სტრატეგიის საჯარო განხილვაზე.

მისი თქმით, საჯარო განხილვის მიზანია ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სტრატეგიის შესახებ, რომელიც უწყებისთვის ჩარჩო დოკუმენტი იქნება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტი ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის და UNDP-ის ჩართულობით მომზადდა.

„ჩვენი მიზანია, წარდგენილი სტრატეგია მაქსიმალურად იყოს თავსებადი ყველა გამოწვევასთან და იმ მნიშვნელოვან საკითხთან, რომელიც ეფუძნება მთავრობის გრძელვადიან ხედვას სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სტრატეგიას მოჰყვება სამოქმედო გეგმა, სადაც ინდიკატორების დონეზე არის მითითებული, რა უნდა გაკეთდეს , რომ დღეს არსებული ძირითადი გამოწვევები წარმატებით დაიძლიოს  და დარგში იყოს განვითარების ისეთი ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას, შემოსავლების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამინისტროს ექნება ხედვა, როგორ უნდა წარმართოს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში თავისი პოლიტიკა“, – აღნიშნა წილოსანმა.

მისი განმარტებით, სტრატეგია გულისხმობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ განვითარების ინიციატივების მხარდაჭერასაც.

„სამინისტროს სისტემაში არის შექმნილი ახალი სააგენტო, რომელიც პროექტების მართვის სააგენტოს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ექსტენციის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა. ეს არის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო, რაც იქნება ძირითადი განმახორციელებელი უწყება სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტებისა და პროგრამების. ეს არის ერთგვარი გადამხდელთა სააგენტო, რომელიც სტრატეგიაშია ნახსენები და ასევე სტრატეგიაში ნახსენებია მმართველი ორი რგოლი, რაც დაკავშირებულია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებულ პოლიტიკის და ანალიტიკის და სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და სურსათის დეპარტამენტის გამართულ ფუნქციონირებასთან, ასევე ახალი სტრატეგიის კვალდაკვალ, ახალი ვალდებულებების, დავალებების და ახალი მიზნების გაწერასთან ამ ორი დეპარტამენტისთვის“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, მმართველი რგოლი იქნება პასუხისმგებელი პროგრამების შინაარსობრივ მომზადებაზე, ხოლო დამფინანსებელი რგოლი იქნება პასუხისმგებელი ადგილიდან წამოსული ინიციატივების დაფინანსებაზე.

ხატია წილოსანის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა არის პირველი საჯარო განხილვა. მასში მონაწილეობს ყველა დაინტერესებული უწყება, მათ შორის ფერმერთა ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, პარტნიორები. სტრატეგიის დამტკიცებამდე კონსულტაციები ინტენსიურ რეჟიმში გაიმართება.

„ვფიქრობთ, სექტემბერში მინისტრის ბრძანებით უკვე მოხდება აღნიშნული დოკუმენტის პირველადი ვარიანტის დამტკიცება და შემდეგ მთავრობას გაეგზავნება საბოლოო განხილვისა და დამტკიცებისთვის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.