ხატია მოისწრაფიშვილი - ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო მიზნის მისაღწევად, ეს გახლავთ ეროვნული თანხმობა
ხატია მოისწრაფიშვილი - ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო მიზნის მისაღწევად, ეს გახლავთ ეროვნული თანხმობა

ბუნებრივია, არ იყო მოლოდინი, რომ ყველასთვის მისაღები იქნებოდა ეს მოწვევა, თუმცა მივესალმებით მათ, ვინც მიიღო მოწვევა, შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ამ დღეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის მიერ გამართულ მიღებას რამდენიმე მიწვეული სტუმარი არ დაესწრო.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, თარიღი 9 აპრილი ორ, უდიდესი კონტექსტის მქონე მოვლენას აერთიანებს: 1989 წლის 9 აპრილი და 1991 წლის 9 აპრილი.

„შესაბამისად, დღევანდელ მიღებაზე მოვიწვიეთ 9 აპრილს დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ასევე, 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერნი. ბუნებრივია, არ იყო მოლოდინი იმისა, რომ ყველასთვის მისაღები იქნებოდა ეს მოწვევა, თუმცა მივესალმებით მათ, ვინც მიიღო მოწვევა, შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ამ დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დანარჩენთან, რადგან საბოლოო მიზანი გახლავთ ეროვნული თანხმობა, ის, რაც ასეთი დეფიციტურია და ასე ჭირს. ბუნებრივია, არც იმის მოლოდინი არსებობდა, რომ ერთ დღეს ყველასთვის ყველაფერი იქნებოდა მისაღები, მუშაობა უნდა გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, აუცილებლად მივალთ ამ კონკრეტულ მიზნამდე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და  საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გამართა.