პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიულ ნაწილში შესაბამისი სტილის, მეორადი ავეჯი განთავსდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიულ ნაწილში შესაბამისი სტილის, მეორადი ავეჯი განთავსდება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულებულია და მალე ყოფილი ორბელიანების სასახლე აღიჭურვება ინვენტარით.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, სასახლის მოსაწყობი ინვენტარის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცემა.

„სასახლე აღიჭურვება ინვენტარით, რომელიც საქართველოში, ამ ტიპის საცხოვრებელი რეზიდენციების მოსაწყობად გამოიყენებოდა. მათი მოძიება ადგილობრივ ოჯახებში მოხერხდა, ნაწილი შეირჩა საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური თვალსაზრისითაც მეორადი ავეჯის შესყიდვა უფრო გამართლებული იყო ჩვენთვის. სასახლის მოსაწყობი ინვენტარის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცემა. როგორც კი ორბელიანების სასახლე აღიდგენს თავის ისტორიულ იერსახეს, აქ მოეწყობა სამუზეუმო სივრცე და გაიხსნება მნახველთათვის. ხელოვანების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით, ასევე მოეწყობა გამოფენებიც. აქვე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ყველას მადლობა, ვინც ჩართული იყო ამ მართლაც ღირშესანიშნავ საქმიანობაში, რასაც თბილისისთვის, საქართველოსთვის ამ ისტორიული მემკვიდრეობის მქონე შენობის, სასახლის ახალი სიცოცხლე ჰქვია“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.