საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს მოთხოვნას, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს მოთხოვნას, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება

საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და დანაშაული, მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა და გამოყენებული უნდა იყოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა.

„სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა, ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. აი, ამ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც ექნება მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს ახალი ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის გამართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია პრეზიდენტს სწორად.

„გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით, ყველა მაღალი ტრიბუნა, გამოყენებული უნდა იყოს სწორედ ამ ფორმით და ამ თემისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. თავად საქართველოს პრეზიდენტი ყველა შეხვედრას იწყებს ამ თემაზე საუბრით. სწორედ მაშინ, როდესაც მოხდა ეს დანაშაულებრივი ფაქტი, უმძიმესი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით და ყველა მაღალი რანგის შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერთან, ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე, სომხეთის ეკლესიის წინამძღოლთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო და პრეზიდენტმა მოუწოდა სომხეთის მხარეს, დაგმონ ეს ფაქტი“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ამასთან, პრესსპიკერის თქმით, ამ საკითხზე საუბრით დაიწყო პრეზიდენტმა შეხვედრა გუშინ საქართველოში ჩინეთის ელჩთან.

„ეს არის გამოსავალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი ვთქვით სამხედრო დაპირისპირებაზე. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური დიალოგი ერთადერთი გამოსავალია, ოღონდ ეს პოლიტიკური დიალოგი უნდა იმართებოდეს მუდმივად, პერმანენტულად ყველა ტრიბუნის გამოყენებით“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, ახალ ფორმატზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჯერ საწყისი ეტაპია და შემდეგ ეტაპზე განისაზღვრება, რა უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანი იქნება ამ ფორმატის თვალსაზრისით.

„ჯერ, ამ ეტაპზე, არ შემიძლია გითხრათ, ვინ იქნებიან ამ ფორმატში. ამ ეტაპზე განიხილება საკითხი, რომ უნდა შემუშავდეს ასეთი ფორმატი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

კითხვაზე, ხომ არ იქნება აღნიშნული ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა, ხატია მოისწრაფიშვილი პასუხობს, რომ ეს არაფრის ალტერნატივა არ იქნება.

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა არსებული ფორმატი, თუმცა მიაჩნია, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. მაღალი პოლიტიკური დიალოგი არ იწარმოება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.