ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ 9 აპრილის ღონისძიებაში მისაწვევად ეკა ბეჟანიშვილის დედას ფიზიკურად ვერ დაუკავშირდნენ 
ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ 9 აპრილის ღონისძიებაში მისაწვევად ეკა ბეჟანიშვილის დედას ფიზიკურად ვერ დაუკავშირდნენ 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიის გმირის, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა, რათა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებაში მონაწილეობისთვის დაეპატიჟათ.

როგორც მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან დარეკვის დროს ტელეფონზე მუდმივი დაკავება იყო.

„დღევანდელ ღონისძიებაზე ყველა დაღუპულის ოჯახის წევრები მოვიწვიეთ. თითოეული ოჯახის რამდენიმე წევრი იყო მოსული. ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. თორემ, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად, ამ გმირის ოჯახთან ვერ მოხერხებულიყო დარეკვა. ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. მობილურზე მუდმივი დაკავება იყო“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ეკა ბეჟანიშვილის დედამ, ლალი ყანჩაველმა მედიასთან განაცხადა, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებაზე დასწრების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევა არ მიუღია.

„დღეს მიღებაზე მიწვეული არ ვყოფილვარ. ჩემი ტელეფონი დაკავებული იყო ჟურნალისტებთან საუბრის დროს. სხვა დროს მე ტელეფონი არ დამიკავებია. სად უნდა ვილაპარაკო იმდენი, რომ მთელი დღე გამორთული ან დაკავება მქონდეს ტელეფონზე“, – განაცხადა ლალი ყანჩაველმა.