ხატია დეკანოიძე - ზეწოლა არ შეწყდება არც ერთი მიმართულებით, რომ იყოს სამართლიანი, პროპორციული არჩევნები
ხატია დეკანოიძე - ზეწოლა არ შეწყდება არც ერთი მიმართულებით, რომ იყოს სამართლიანი, პროპორციული არჩევნები

ნებისმიერი სისტემით, ნებისმიერ კონფიგურაციაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური მომავალი აღარ არსებობს, თუმცა ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს სამართლიანი პროპორციული არჩევნები, რომელიც სურთ საქართველოს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება აქციებით, გაგრძელდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს დაიხურება.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება არაკონსტრუქციულია და შეთავაზება 100/50 სამართლიან სისტემასთან ახლოსაც არ არის.

„პირდაპირ, ღიად იყო ასოცირების პროცესის ანგარიშში დათქმითი რეკომენდაცია, რომ აუცილებელია ფართო კონსენსუსით იყოს საარჩევნო სისტემა მიღწეული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს, გაითვალისწინოს არა მხოლოდ პარტიული კონფიგურაცია მოლაპარაკებების მაგიდაზე, არამედ საქართველოს მოქალაქეების ნება.

„კავშირი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის პრაქტიკულად, ხელისუფლებამ გაწყვიტა და ასე მიუნჰაუზენივით იტყუება ცალკე თალაკვაძე, ცალკე ზალკალიანი. გასაგებია, ისინი კონკრეტული, პოლიტიკური ფიგურები არ არიან, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანია გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რა საკვირველია, ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი უკვე აღარ არსებობს.

ოპოზიცია გააგრძელებს რა საკვირველია ზეწოლას ყველა კუთხით. ზეწოლას იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიან საარჩევნო სისტემასთან მიახლოებული მოდელი იყოს მიღწეული. ამაზე ზეწოლა არ შეწყდება არც ერთი მიმართულებით, მათ შორის რა საკვირველია ზეწოლა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამაში დარწმუნებულები ვართ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ამ მიმართულებით ერთიანია ოპოზიცია. ეს ერთიანობა ბიძინა ივანიშვილს აშინებს ფრიად. მათ შორის, მინდა გითხრათ, რომ  არის ცალკეული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმება იყოს თუნდაც ერთ მაჟორიტარზე რაღაც ოლქებში. ეს ერთიანობა არის ის, რაც კლავს ივანიშვილს, ეს ერთიანობა არის ის, რაც მნიშვნელოვანია. ზეწოლა გრძელდება და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ საქართველოს მოქალაქეების ნების დათმობას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.