ხატია დეკანოიძე - ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, ვინც შეასრულებს პუტინის სურვილს, შესაძლებელია, მოყვნენ სანქციებში, რომლებიც დაწესდა 24 თებერვლის შემდეგ
ხატია დეკანოიძე - ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, ვინც შეასრულებს პუტინის სურვილს, შესაძლებელია, მოყვნენ სანქციებში, რომლებიც დაწესდა 24 თებერვლის შემდეგ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებები არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისთვის.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლური და ანტიუკრაინულია.

„პუტინის გადაწყვეტილებები ეხება საქართველოს და ეს კატასტროფაა. ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, 24 თებერვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ატარებენ. ეს არის ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა. პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება, ეხება იმას, რომ მან თავისი გადმოსახედიდან, კრემლის გავლენების გასაძლიერებლად, აკრძალვა მოხსნა ფრენებზე, ავიამიმოსვლაზე და სავიზო შეზღუდვაზე. ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ასევე იმ „პროქსების“ მიმართ, რომლებიც რეალურად ცდილობენ, რუსეთისა და კრემლის გზავნილების გასაძლიერებლად იმოქმედონ, რათა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა იქნება წინ წამოწეული, მაშინ პუტინი ასეთ ხელისუფლებებს მსგავსი გადაწყვეტილებებით დააჯილდოებს.

ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, ავიაკომპანიებმა, რომლებიც შეასრულებენ პუტინის სურვილს, შესაძლებელია, მოყვნენ იმ სანქციებში, რომლებიც დაწესდა და კიდევ უფრო ძლიერდება 24 თებერვლის შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.