ხატია დეკანოიძე - ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას, არ ვაპირებთ, გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი
ხატია დეკანოიძე - ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას, არ ვაპირებთ, გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი

ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას, არ ვაპირებთ, გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი, – ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.

მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებით „ქართულ ოცნებას“ სერგეი გავრილოვის მითითებების შესრულება სურს.

„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“, უფრო სწორად გავრილოვის ყველა იმ მსახურს, რომელიც ახლა პარლამენტის შენობაშია შეკრებილი და საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენელს უწოდებს, ვერც ერთ შემთხვევში ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას. გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გავრილოვის მითითებებს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, როდესაც საქართველოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან, დამოუკიდებლობის სიმბოლოში, საქართველოს პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ოკუპანტი გავრილოვის, პუტინის, ლავროვის და ა.შ მითითებებს, რომ დააკავონ და დასაჯონ ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე და ჩემი მეგობრები, ყველა ის ადამიანი, ვინც 20 ივნისს აპროტესტებდა გავრილოვის ჩამობრძანებას და ჩასკუპებას საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, ყველა ის ადამიანი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ვაცხადებთ ღიად, რომ არ არსებობს მექანიზმი, რითაც შეძლებენ ნიკა მელიას წინააღმდეგ აღასრულონ ის მახინჯი კანონი, მახინჯი მართლმსაჯულების ფორმებით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. დიახ, ეს არის გავრილოვის დავალება, დიახ, სულ ტყუილად არ უხდიდა იგი მადლობას გუშინ „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებს, დიახ, ეს არის რუსეთის დავალება, დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები, რათა შემდეგ არც ერთმა მოქალაქემ აღარ გაბედოს რუსების წინააღმდეგ პროტესტი. სწორედ ამიტომ ამბობდა იგი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა გადატრიალების მცდელობა. ორად ორი ძალა არსებობს, ვინც 20 ივნისს უწოდებს გადატრიალების მცდელობას – ეს არის გავრილოვი, ანუ რუსეთი და მეორე – ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, მათ შორის ნიკა მელიას მიერ გადადგმული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასათვიცნობიერებლად, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი.

„ჩინჩალაძე- მურუსიძის სასამართლო, შოთაძე-ფარცხალაძის პროკურატურა, გავრილოვის პარლამენტი, მთელი „ქართული ოცნება“, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, ვერ შეძლებს აღასრულოს მახინჯი კანონი იმ ფორმით, რომლითაც მათ სურთ. ჩვენ არ ვაპირებთ, გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.