ხატია დეკანოიძე – ვაპირებ, მივმართო ოპოზიციას, ხელისუფლება თუ არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში
ვაპირებ მეორედ წავიდე უკრაინაში და ასევე მოვუწოდებ, ჩემს კოლეგებს, ყველამ ერთად ვნახოთ, რას ჩადის რუსეთი და როგორი სამხედრო დანაშაულის ადგილი გახდა მთელი უკრაინა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ზოგადად, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ სამძიმარი არ გამოხატონ ბუჩაში და არ ნახონ საკუთარი თვალით, თუ რა საშინელი დღეები გამოიარა უკრაინამ, მათ შორის გენოციდი, ბავშვების, ქალების მკვლელობა, გაუპატიურება, ეს არის შეურაცხმყოფელი არა მხოლოდ ჩვენთვის და ზოგადად კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ჩვენი ქვეყანა არის უდიდესი ტრადიციების და ეროვნული ღირსების მქონე ქვეყანა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი ტრადიციაა ის, როდესაც სამძიმარზე არ ჩადიხარ შენ მეგობართან, როდესაც სამძიმრის გამოხატვა არ გინდა უკრაინელი ხალხისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ერთი და საშინელი ბრალდებით ცდილობ, ეს ყველაფერი გადაფარო. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, თუ რას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლება და რა ნაბიჯებს დგამს, ვფიქრობდი, საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არც ბუჩაში, არც გოსტომელში არ ჩავიდოდა, არ ჩავიდოდა უკრაინაში. მიუხედავად ამისა, ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს არ დაშორდნენ. ამიტომ, ეს არის უღირსი საქციელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, თავად აპირებს, უკრაინაში ჩასვლას.
„ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც გული ეგლიჯება უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ასეთ ტრაგედიაზე. ამიტომ, ვაპირებ, მივმართო საქართველოს ოპოზიციას, მათ შორის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და ნახონ, რამდენად მძიმეა და ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია დღეს და თავისუფლებისთვის ბრძოლა. დიახ, მე ვაპირებ მეორედ წავიდე უკრაინაში და ასევე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ყველამ ერთად ვნახოთ, რას ჩადის რუსეთი და როგორი სამხედრო დანაშაულის ადგილი გახდა მთელი უკრაინა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.