ხატია დეკანოიძე - უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლის მოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ, უპირველესად გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა
ხატია დეკანოიძე - უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლის მოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ, უპირველესად გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

რაც შეეხება არჩევნების გადადების საკითხს, ხატია დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ვარიანტისთვის მზადაა და ყველა ვარიანტს განიხილავს.

„პანდემიასთან ბრძოლაში რეალურად დამტკიცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არავითარი საშუალება და სურვილი, რომ საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს. მათ შორის სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე, სწორედ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ღარიბაშვილმა, მისმა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ძალაუფლების გამო, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე. შესაბამისად, უმძიმეს მდგომარეობასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება.

ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს და ვარიანტს განვიხილავთ, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და არ შეიძლება, ეს თემა საერთოდ დაიხუროს. აქ, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ, მას შემდეგ, რაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე. ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემაა, ამაშიც ისინი არიან „ღია და გამჭვირვალე“, რომ მათ ადამიანების სიციცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ. განვიხილავთ ყველა ვარიანტს და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გვაინტერესებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.