ხატია დეკანოიძე - უახლოეს პერიოდში ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი, როგორც პარტიის ლიდერი, წარვადგენთ სერიოზულ გეგმას, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას
ხატია დეკანოიძე - უახლოეს პერიოდში ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი, როგორც პარტიის ლიდერი, წარვადგენთ სერიოზულ გეგმას, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის მიერ არის დევნილი და ოლიგარქიულ რეჟიმსა და თავისუფლებას შორის დღევანდელი ბრძოლა სიმბოლურია.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მიხეილ სააკაშვილი, როგორც პარტიის ლიდერი, უახლოეს პერიოდში წარადგენენ სერიოზულ გეგმას, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, საარჩევნო პროგრამას და მნიშვნელოვან ხედვებს.

„მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი არის დევნილი ზუსტად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ, ოლიგარქიული ვერტიკალის მიერ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შიში სწორედ მისი პოლიტიკური ფიგურის და ჩვენი პარტიის მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბრძოლა რომელიც არის დღეს და ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ სიმბოლურია, მათ შორის ოლიგარქიულ რეჟიმსა და თავისუფლებას შორის.

შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩვენ და მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩვენი პარტიის ლიდერი, წარვადგენთ ჩვენი პარტიის ძალიან სერიოზულ გეგმას, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, საარჩევნო პროგრამას და მნიშვნელოვან ხედვას, როგორ ესახება მას, როგორ გვესახება ჩვენ ამ ქვეყნის განვითარება, თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და როგორი უნდა იყოს თანამშრომლობის პლატფორმა. ეს იქნება სრულიად ახალი შეთავაზება და ლოგიკურია, პარტიის ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დღემდე ქმნის და კიდევ შექმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წამყვანი ავანგარდი იყოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.