ხატია დეკანოიძე – თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს თვალთვალს ნიკა გვარამიას ოჯახის მიმართ

19:49, 14.12.2020

თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს თვალთვალს ნიკა გვარამიას ოჯახის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მოგვარების ნაცვლად, ხელისუფლება დაკავებულია მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მიყურადებით და თვალთვალით.

„დღეს თეა წულუკიანმა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის გამორჩეული მსახური და სიძულვილის გამორჩეულად გამავრცელებელია, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილის მოსამსახურე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უკანონოდ უთვალთვალებს, არის მიყურადება, შანტაჟი, მუქარა ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ღიად ილაშქრებს რეჟიმის წინააღმდეგ.

თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს ნიკა გვარამიას ოჯახის, მისი მეუღლის, მისი შვილების მიმართ. ამას რეჟიმი არც ფარავს, უტიფრად იმეორებს ერთსა და იმავეს, რომ ყველას უთვალთვალებს.

იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა მოაგვაროს, რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს, რათა ვინც გზაზე გადაეღობება ივანიშვილს, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, მას უთვალთვალოს. დღეს საქართველოში არის რეჟიმი, როდესაც ჩვენი უფლებების, საკუთრების და არჩევანის დაცვა არ შეგვიძლია არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტში. ჩემი სოლიდარობა ნიკას და მის ოჯახს, მის შვილებს, რომლებიც არიან ამ რეჟიმის სამიზნე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარკვეული ტელევიზიების წარმომადგენლები მის სახლშიც შესულან მოტყუებით, როდესაც სახლში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.

„ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული? ჩვენც გვყავს პატარა შვილები. „ტვ პირველი“ ჩემს სახლში ბევრჯერ ხართ ბავშვების თანდასწრებით შემოვარდნილები და ამიტომ ცოტა ტონს დაუწიეთ. ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა, ეს არის საცოდაობა, სანახაობა კი არ არის. „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმიშვილებთან მოტყუებით მიკროფონით არის შევარდნილი სახლებში. თუ ნიკა გვარამიას ჰყავს ოჯახი, სხვებსაც გვყავს და დაიცავით. ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე არ გადმოვყრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი