ხატია დეკანოიძე - თბილისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დათმო ექვსი მაჟორიტარული ოლქი, თუმცა დანარჩენმა ოპოზიციამ ორ მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმება ვერ მოახერხა
ხატია დეკანოიძე - თბილისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დათმო ექვსი მაჟორიტარული ოლქი, თუმცა დანარჩენმა ოპოზიციამ ორ მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმება ვერ მოახერხა

„ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს დაუმალავს, რომ ძალიან სერიოზული და ძლიერი პოზიციები გვაქვს რეგიონებში, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რეგიონებში ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით. 

როგორც დეკანოიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო დიდი სინერგიის მომხრე.

„კარგად გვახსოვს, თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გახმოვანებული გზავნილი, რომელიც გულისხმობდა, რომ დედაქალაქში დავთმეთ ექვსი მაჟორიტარული ოლქი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე არ მოხერხდა ოპოზიციის დანარჩენ პარტიებს შორის შეთანხმება თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს დაუმალავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული და ძლიერი პოზიციები გვაქვს რეგიონებში, მაგრამ გაღატაკებულ, გაუბედურებულ და გაჭირვებულ ხალხს, როდესაც გადანაწილებაზე, პარტიულ ნომენკლატურაზე და რაღაც პოლიტიკური შტრიხების კონიუნქტურაზე ვესაუბრებით, სწორი არ გვგონია. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა უვანიშვილი საბოლოოდ დამარცხდეს. ამისთვის, რაც საჭირო იქნება ჩვენი პარტია ზუსტად იმ პოზიციებს დაიცავს“, – განაცხადა დეკანოიძე. 

ამასთან, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რეგიონებში ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიის საკითხზე, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პოზიციას თვითონ წარადგენს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც „ევროპულ საქართველოს“ და არც სხვა პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონია შეფერხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კომუნიკაციის. ამიტომ, ჩვენს გადაწყვეტილებას ჩვენ გავაჟღერებთ. მგონი, არ არის საჭირო სხვა პარტიების მიერ გაჟღერდეს მეორე პარტიის გადაწყვეტილება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ კოორდინაციის საკომუნიკაციო არხები არ ყოფილა დახურული. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რატომ ხდება ჩვენი, თითქოს გადაწყვეტილების გაჟღერება სხვა პარტიის მიერ. ჩამოვყალიბდებით, შევთანხმდებით და წარვადგენთ იმ პოზიციას, რომელიც აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, დღეს ოპოზიციას რეგიონებში საერთო საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.

„თანხმობა თბილისში და კონკურენცია რეგიონებში – ასეთი ფორმულა თუ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სწორი იქნება, რომ ჩვენ – სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე სწრაფად დავასრულოთ ეს კონსულტაციები და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთიანი, მთავარი მაჟორიტარი, რომელიც კონკურენციაში იქნება, მათ შორის, ჩვენს კოლეგებთან, ხაზს ვუსვამ ეს მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიგი უგულავამ.