გიგი უგულავა - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სურვილი არ ექნება, რეგიონებში საერთო მაჟორიტარების წარდგენა სხვა პარტიებმა უნდა შევძლოთ
გიგი უგულავა - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სურვილი არ ექნება, რეგიონებში საერთო მაჟორიტარების წარდგენა სხვა პარტიებმა უნდა შევძლოთ

მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და მაჟორიტარების ერთიანი სია აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც რეგიონებში ოპოზიციის მიერ ერთიანი საარჩევნო სიის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც უგულავამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და 22-ვე ოლქში საკუთარ მაჟორიტარს წარადგენს, დანარჩენმა ოპოზიციამ საერთო კანდიდატებზე შეჯერება უნდა შეძლოს.

„ამ მხრივ, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია და თბილისის მაჟორიტარები უკვე შერჩეულია. რაც შეეხება რეგიონებს, გაცხადებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პირველადი პოზიცია და ისინი თბილისის გარეთ, 22-ვე ოლქში დააყენებენ თავის მაჟორიტარ კანდიდატებს, მათი ეს გადაწყვეტილება უცვლელია. ამით ჩვენ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ასეთ ვითარებაში, მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, საერთო პოზიცია არ შესუსტდეს. მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, გავაგრძელოთ და აღვასრულოთ კონსულტაციები. შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე. თანხმობა თბილისში და კონკურენცია რეგიონებში – ასეთი ფორმულა თუ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სწორი იქნება, რომ ჩვენ – სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე სწრაფად დავასრულოთ ეს კონსულტაციები და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთიანი, მთავარი მაჟორიტარი, რომელიც კონკურენციაში იქნება, მათ შორის, ჩვენს კოლეგებთან, ხაზს ვუსვამ ეს მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თბილისის შეთანხმება უმნიშვნელოვანესია და ის საერთო ოპოზიციური თანხმობის საფუძვლად უნდა დარჩეს.

„ამავე დროს, არ გვინდა, რომ კარი დავუხუროთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ისინი შეცვლიან თავიანთ პოზიციას უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში, შემოგვიერთდნენ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი. თუ მათ ეს სურვილი არ ექნებათ, ყველა სხვა პარტია შევჯერდეთ და წარვადგინოთ გამსხვილებული მაჟორიტარები“, – განაცხადა უგულავამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება.