ხატია დეკანოიძე - შს სამინისტროს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ
ხატია დეკანოიძე - შს სამინისტროს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები და წვევამდელები, რომლებსაც აიძულეს, ყალბი ჩვენება მიეცათ ენმ-ს წევრების, ნიკა მელიას, ბესიკ გაზდელიანისა და ჯემალ სეფიაშვილის წინააღმდეგ.

„დღემდე 18 ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში და ეს ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, ცრუ ბრალდებებით, ყალბი მტკიცებულებებით და მათ შორის სამართალდამცველების ცრუ ბრალდებებით. ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართაველოდან და წვევამდელები, რომლებიც იხდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს შს სამინისტროში. ეს ადამიანები გუშინ აიძულეს, მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მიეცათ ყალბი ჩვენება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. მათ აჩვენეს ფოტოსურათები და ამ ფოტოსურათებზე გამოსახული იყვნენ: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ აიძულებდნენ, სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებებისთვის და ეთქვათ, დაედასტურებინათ ცრუ ბრალდება, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, გააგრძელოს პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანების სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირებისთვის დასაჯოს საქართველოს მოქალაქეები. სახელმწიფო და ივანიშვილის რეჟიმი გვესაუბრება შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით, რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს, კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. გვინდა, მოვუწოდოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აიძულებენ, მისცენ ცრუ ჩვენება. ნუ გახდებიან ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები. ასევე გვინდა, მოვუწოდოთ სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან და ის ადამიანები, რომლის დაპატიმრებასაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აპირებს, ეს ადამიანები არ დავტოვოთ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ადამიანებს რეპრესიისა და რეჟიმის პირისპირ. ზოგადად, ვერავითარი რეპრესიები, რეჟიმი, ცრუ ჩვენებები ვერ შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებისკენ სწრაფვას. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს, სოლიდარობა გმირებს და თავისუფლება მათ, რომლებიც ახლა წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.