ხატია დეკანოიძე - სენატორების ვიზიტი იქნება იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილი, რაშიც ჩვენი პარტნიორები ღირსეულ დახმარებას გაუწევენ
ხატია დეკანოიძე - სენატორების ვიზიტი იქნება იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილი, რაშიც ჩვენი პარტნიორები ღირსეულ დახმარებას გაუწევენ

ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი იქნება კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილი, რაშიც ჩვენი პარტნიორები ღირსეულ დახმარებას გაუწევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოში გადაწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გულისხმობს დემოკრატიის განვითარებასა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტას.

„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საქართველოს ნამდვილი მეგობრებისა და ძალიან გავლენიანი სენატორების ვიზიტი საქართველოში. სენატში, საგარეო კომიტეტის მოსმენაზე, საქართველოს შესახებ განხილვაზე ზუსტად ამ სენატორების მიერ იყო დაფიქსირებული შეშფოთება ძალიან ბევრი კუთხით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო. მათ შორის დემოკრატიის განვითარების გამო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, მაგრამ მათი ვიზიტი საქართველოში იქნება კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილი და ამაში ჩვენი პარტნიორები ღირსეულ დახმარებას გაუწევენ. თუმცა, აუცილებელია, რომ საქართველოში გადაწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გულისხმობს დემოკრატიის განვითარებასა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტას.

შესაბამისად, განსახილველი თემები იქნება, რა თქმა უნდა, ის თემები, რომლებიც გვაწუხებს ჩვენ და საქართველოს. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესები, ოკუპაციის საკითხი, პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოში ინსტიტუტების ძალიან სავალალო მდგომარეობა და ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომლის შესახებაც ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, დღეს ეწვია.