ხატია დეკანოიძე – საქართველოს სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს, რომ მოახდინოს კიდევ ერთი დეკლარირება იმისა, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა
პუტინმა ნათლად დაადასტურა და თავად გააქარწყლა რუსული და სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან სახელმწოფოს რაიმე სახის დანაშაული მაინც მიუძღვის 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის სცენარი უკრაინაში განმეორდა.
„ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ საქართველომ 2008 წლის მოვლენები ამოაყირავოს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა 2008 წელს ზუსტად ისევე, როგორც ეს წუხელ პუტინმა მოახდინა. საპასუხოდ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ძალიან პასიურ მოქმედებას. ირაკლი ღარიბაშვილს შანსი ჰქონდა, მიუნხენში მსოფლიო ლიდერებს შეხვედროდა. სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოიყენა, მაგრამ ახლა ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ რეალურად, საქართველოს საკითხი კვლავ წამოიწიოს. საქართველოს სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად სინქრონიზაციაში მოახდინოს კიდევ ერთი დეკლარირება იმის, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი დასავლეთის კონსოლიდაცია მოხდა უკრაინასთან მიმართებით და უკრაინა გახდა დასავლეთის სერიოზული ნაწილი.
რაც შეეხება პუტინის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, უკრაინა უფრო გაძლიერდა, რადგან პუტინმა თვითონ მოკლა მინსკის შეთანხმება, რაც გულისხმობდა საკმაოდ მტკივნეულ ნაბიჯებს უკრაინისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთელი დასავლეთის კონსოლიდაცია მოხდა უკრაინასთან მიმართებით და უკრაინა გახდა დასავლეთის სერიოზული ნაწილი, რომლის გახლეჩვაც აღარ გამოუვა პუტინს. ასევე უკრაინაში ეროვნული კონსოლიდაცია მოხდა და ზელენსკის პოზიციები ძალიან გაძლიერდა. რაც არ უნდა მარიონეტული მთავრობის დასმაზე იფიქროს პუტინმა, ეს არ გამოუვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთან მიმართებაში დასავლეთი დათმობაზე არ წავიდა. პუტინი არის სუსტი, მან ვერ გაბედა მარიუპოლზე შეტევა. მხოლოდ ჯარი შეიყვანა, რაც აქამდეც იყო და ახლა მხოლოდ დეკლარირებულად მოახდინა ოკუპაცია. პუტინმა კიდევ ერთხელ დეკლარირებულად თქვა, რომ ის არის ეგომანიაკი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.