ხატია დეკანოიძე - საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის ვალდებულებების შესრულების ანგარიშში დიდი ნაწილი დათმობილი აქვს კრიტიკას
ხატია დეკანოიძე - საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის ვალდებულებების შესრულების ანგარიშში დიდი ნაწილი დათმობილი აქვს კრიტიკას

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის ვალდებულებების შესრულების ანგარიშში დიდი ნაწილი დათმობილი აქვს კრიტიკას, მათ შორის რამდენიმე მიმართულებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და უმრავლესობის წევრებმა სცადეს კრიტიკული ნაწილის დამალვა, თუმცა მთელი ეს პროცესები, ეს შეშფოთებები, ძალიან მძიმე დარღვევები მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის კუთხით, არ იმალება.

„აქ ნახსენებია პრაქტიკულად ყველა გახმაურებული პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმე. ეს არის კრიტიკული მედიის დირექტორების და მფლობელების წინააღმდეგ, ეს არის ანაკლიის პორტი, ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულება. ეს არის ასევე გავრილოვის ღამეს ადამიანების დარბევა და თვალების დათხრა, დაპატიმრება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროპორციული, სამართლიანი საარჩევნო სისტემის დაპირების უკან წაღება. ეს კრიტიკული ნაწილი დაიმალა „ქართული ოცნებისა“ და უმრავლესობის წევრების მიერ. ის ნაწილი თქვეს საჯაროდ, რომელიც ფიქრობდნენ, რომ წაადგებათ მათ თავის აუდიტორიასთან, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რეალურად მთელი ეს პროცესები, ეს შეშფოთებები, ძალიან მძიმე დარღვევები მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის კუთხით, რასაკვირველია, არ იმალება. ამაზე საუბრობენ ძალიან მძიმედ და შემაშფოთებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ეს რასაკვირველია, იქნება ძალიან მძიმე ხარვეზი მათ შორის, ასოცირების პროცესში მიმდინარე ვალდებულებების კუთხით, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს და აზიანებს სწორედ ქვეყანას ის მძიმე გადაწყვეტილებები, რომელიც მიტაცებულ სახელმწიფოში არის მიღებული ოლიგარქის მიერ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.