ხატია დეკანოიძე - საქართველო როდესაც აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით, არის ეროვნული ინტერესების ღალატი
საქართველო როდესაც აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით, არის ეროვნული ინტერესების ღალატი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
დეკანოიძემ სხდომაზე უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ქართველი კოლეგებისადმი ვიდეომიმართვის ჩართვა სცადა, თუმცა ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არ მისცა და მიკროფონი გამოართვევინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რამდენად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველო, მათ შორის დღევანდელი რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებით, რომ საქართველო თურმე ყოფილა ერთ-ერთი კეთილმოსურნეთა სიაში. ანუ გამოაქვეყნა არაკეთილმოსურნეების სია და საქართველო იქ არ არის… როგორც აღმოჩნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოატყუა უკრაინის საელჩო იმასთან დაკავშირებით, თურმე ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით რუსეთთან. ახლა წავიკითხე განცხადება, რომელიც რეალურად არის სამარცხვინო. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, თურმე დასანქცირებულ რუსეთში პროდუქტების და სურსათის გატანა ყოფილა შესაძლებლობები იმ კომპანიებისთვის, ვისაც სურს, რომ კაპიტალი შევიდეს რუსეთში, რომელიც გამოიყენება შემდეგ სამხედრო აგრესიისთვის რუსეთის მხრიდან უკრაინაში.
ამასთან, თუ მოსმენილი გაქვთ უკრაინის რადას თავმჯდომარის ვიდეომიმართვა, სხვათა შორის, ძალიან პატივს სცემს ეს ადამიანი საქართველოს, ვფიქრობ, რაც ხდება, ის დღეს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე, მათ შორის ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. თქვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ატყუებს ადამიანებს და მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ყველა მათგანი შეიძლება, მოხვდეს საერთაშორისო სანქციების ქვეშ და რეალურად ის, რაც ხდება საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტის არც ერთ წევრს ამასთან დაკავშირებით არ დაგიფიქსირებიათ პოზიცია. თქვენ თუ არ გსურთ, რომ სტეფანჩუკის მიმართვა მოისმინოთ, ცუდია. მესმის, არ გსიამოვნებთ, ძალიან მძიმეა, მაგრამ ის, რაც ხდება, როდესაც საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით, ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი. არ მინდა ეს პროპაგანდა. მე თქვენი პოზიცია მაინტერესებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის. თუ ვინმეს ეკონომიკა კარგად ესმის, ეს ადამიანები იმასაც უნდა ხვდებოდნენ, თუ რუსეთში შევა კაპიტალი, რატომ დაუწესეს მას სანქციები, რომ აქ „შავი ხვრელები“ არ იყოს. თუ იქ შევა კაპიტალი, ეს კაპიტალი რეალურად გადაითარგმნება სამხედრო აგრესიაში და იმ ძალიან მძიმე სიტუაციაში, რომელიც არის უკრაინაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.