ხატია დეკანოიძე - პარტიაში შეუთანხმებელი პოზიციები არ არსებობს, სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძის პირველ განცხადებაში გარკვეული მომენტები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა
ხატია დეკანოიძე - პარტიაში შეუთანხმებელი პოზიციები არ არსებობს, სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძის პირველ განცხადებაში გარკვეული მომენტები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში არავითარი შეუთანხმებელი პოზიციები არ არსებობს.

დეკანოიძის თქმით, მიესალმებიან ყველანაირ ფასილიტაციას, მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილებით.

„ჩვენ ვართ იმ პოზიციაზე, რასაც იზიარებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ეს პოზიცია არის შემდეგი – ახალი არჩევნები, ცესკო-ს ახალი ადმინისტრირება, ჟვანიას გადადგომა და არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ზოგადად, საუბნოების და საოლქოების ადმინისტრირება. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ყველანაირ ფასილიტაციას მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, დეკანოიძის განმარტებით, სამწუხაროა ის, რომ პირველ განცხადებაში იყო გარკვეული მომენტები, რომლებიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მათ შორის გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას, პარლამენტში შესვლას და ა.შ.

„კარგია, რომ მეორე განცხადებამ ძალიან ბევრი სიცხადე შეიტანა და ეს სიცხადე მდგომარეობს იმაში, რომ პირველი – პროტესტი არ წყდება და, რა თქმა უნდა, პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი, ყველაზე მწვავე პროტესტი, რომელიც ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ვიქნებით იქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქმე ეხება არჩევნების და სახელმწიფოს მიტაცებას. ამიტომ ჩვენ მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე. მეორე, სხვადასხვა ინტერპრეტაცია გამოიწვია იმან, თითქოს პროტესტი უნდა შეწყდეს და  იყოს მხოლოდ მოლაპარაკებები. არა, პროტესტის პარალელურად, თუ რამე სივრცე გაჩნდება ამ წინაპირობებით – ახალი არჩევნების დანიშვნა და ჟვანიას გადადგომა, რა თქმა უნდა, ეს სივრცე უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ, ის, რომ ჩვენ ხელისუფლებას შევუქმნათ რამე სახის ილუზია, რომელიც მას უნდა და სურათი, რომელიც მათ სურთ, თითქოს რაღაც სილამაზის გამო, ჩვენ მოლაპარაკებებზე ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, არა. არც ყოფილა ასეთი შემოთავაზება.

მესამე და მნიშვნელოვანი, არავის ეგონოს, რომ მწვავე პროტესტის მიუხედავად, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ავცდით სამართლებრივ გზას. იცით, რომ გავასაჩივრეთ ყველა ოლქის, ყველა უბნის და საქართველოს ერთი მესამედის მიტაცებული ხმები. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სარჩელი არ დაგვიკმაყოფილეს, მაინც შევიტანეთ სასამართლოში, რომელიც პირდაპირ ფურცლებს გვყარის და არც ერთ სარჩელს არ გვიკმაყოფილებს. არავის რომ არ ეგონოს და ინტერპრეტაციის საშუალება არ იყოს, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მწვავე პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ, კარგია ბატონი გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადება, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას აღარ ტოვებს. აქამდე მისი ყველა განცხადება იყო პრესცენტრთან შეთანხმებული. ჩვენ არ ვართ ცალკეულად დამოუკიდებელი ფიგურები პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ წარმოვადგენთ პარტიას. ამიტომ, რა თქმა უნდა, განცხადებებმა გარკვეული ინტერპრეტაციები არ უნდა დატოვონ. ეს იყო გაუგებრობა, რომელიც მოიხსნა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.