ხატია დეკანოიძე - სამპროცენტიანი ბარიერი უნდა იყოს მსჯელობის საგანი
ხატია დეკანოიძე - სამპროცენტიანი ბარიერი უნდა იყოს მსჯელობის საგანი

რეალურად ბარიერი უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ მთავარია პროპორციული სისტემა და საჯარო განხილვები, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად ტრანსფარენტულად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

„პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი მიიღებს მონაწილეობას რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებაში, მე ვგულისხმობ საპარლამენტო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო განხილვა იყოს საჯარო. მაქსიმალურად დიდი იყოს სპექტრი, მათ შორის საპარლამენტო პარტიები, მათ შორის არასაპარლამენტო პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საჯარო იყოს.

ასევე ჩვენი მოთხოვნა იყო ზუსტად იმ კანონპროექტის, საკონსტიტუციო ცვლილებების დარეგისტრირება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შევიტანეთ პარლამენტში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად მსჯელობა უნდა იყოს. ფართო პროპორციული სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხარისხობრივად სხვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად იყოს შეჯერებული პოზიციები. რასაკვირველია პარლამენტში რეგლამენტით ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას.

სამპროცენტიანი ბარიერი იყო ოცი პოლიტიკური სუბიექტის შეთავაზება პოლიტიკური პარტიების, პროდასავლური სპექტრის, ეს იყო სხვათა შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც. მაგრამ ჩვენ გვაქვს მონაპოვარი, უფრო სწორად ამ ახალგაზრდების მონაპოვარი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობ ზუსტად, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად საჯარო განხილვებში ჩართვა პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ ადამიანების ვინც რეალურად ფიქრობს საქართველოს პროდასავლურ კურსზე და განვითარებაზე.

რეალურად ბარიერი უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ მთავარია პროპორციული სისტემა და საჯარო განხილვები, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად ტრანსფარენტულად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და წარმომადგენლობითი საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 3-პროცენტიანი ბარიერით.