ხატია დეკანოიძე - სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს, ხოლო კანდიდატები წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა
ხატია დეკანოიძე - სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს, ხოლო კანდიდატები წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს და კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ განაცხადა, არანაირი ახალი ცვლილებების განხორციელება საჭირო არ არის.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვალოს და სახალხო დამცველის არჩევას ერთი ხელოვნური რგოლი დაუმატონ, რაც გულისხმობს, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატები უნდა შეარჩიონ და შეაფასონ, არის მიუღებელი, დესტრუქცია და საბოტაჟი 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, სახალხო დამცველი არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მათ მიერ შერჩეული. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვენი პარტია, ერთგულია 12-პუნქტიანი გეგმის და ჩვენი პოზიცია იგივეა, რომ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს. სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამ პროცესში საპარლამენტო ოპოზიცია ჩართული ვიქნებით. არავითარი საკანონმდებლო ცვლილება და დამატებითი რგოლის შექმნა საჭირო არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატის ცნობით, ოპოზიციური პარტიები მუშაობენ, რომ წარმოადგინონ საკანონმდებლო პაკეტების ნუსხა, მათ შორის სამართლებრივი განაცხადი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

„მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევის წესი იქნება ამ პაკეტის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთივე მოწოდებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ასეთია საზოგადოების მოლოდინი“, – დასძინა ხატია დეკანოიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, „გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს საბოტაჟს კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით“.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევა.