ხატია დეკანოიძე - სააკაშვილის უფლებები მაშინ დაირღვა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს, გამოუქვეყნეს ჩანაწერები, რომლებიც ასახავდა ძალადობას, არ შემიცვლია აზრი, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს
ხატია დეკანოიძე - სააკაშვილის უფლებები მაშინ დაირღვა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს, გამოუქვეყნეს ჩანაწერები, რომლებიც ასახავდა ძალადობას, არ შემიცვლია აზრი, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაშინ დაირღვა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს და გამოაქვეყნეს ჩანაწერები, რომლებიც ასახავდა ძალადობას. დეკანოიძის თქმით, აზრი არ შეუცვლია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ამაზე ადვოკატებმა უნდა გააკეთონ კომენტარი.

„ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს უნდა ჰკითხოთ, რადგან არ ვიცი, ბოლო სარჩელი როდის იყო წარდგენილი. განმარტებები მისი ადვოკატებისგან უნდა მოვისმინოთ. ისრები არავისკენ გადამაქვს, სამართლებრივ შემადგენელზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ საქმეს არ ვიცნობ. მისი უფლებები მაშინ დაირღვა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს და ის ჩანაწერები გამოუქვეყნეს, რომლებიც ასახავდა მის გადაყვანას, თრევას, ძალადობას. ამაზე აზრი არ შემიცვლია, არც იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.