ხატია დეკანოიძე - მიხელ სააკაშვილის განცხადებას უფრო განვიხილავ, როგორც დამატებით ახალგაზრდული პლატფორმის შექმნას
ხატია დეკანოიძე - მიხელ სააკაშვილის განცხადებას უფრო განვიხილავ, როგორც დამატებით ახალგაზრდული პლატფორმის შექმნას

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უფრო განვიხილავ, როგორც დამატებით ახალგაზრდული პლატფორმის შექმნას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რაც უფრო მეტი მოძრაობა გაჩნდება, რაც უფრო მეტი ადამიანი, ახალგაზრდა ჩაერთვება ამ მოძრაობაში, რასაკვირველია ეს იქნება მნიშვნელოვანი და კარგი.

„რასაკვირველია, სხვადასხვა ინტერპრეტაციები მიეცა ამ განცხადებას და ვერავის დავუშლით ინტერპრეტაციებს, მაგრამ ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევე როგორც იყო მნიშვნელოვანი რეგიონში. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მუდმივად თანამშრომლობს ახალგაზრდულ მოძრაობებთან. მათ შორის, ბიბლიოთეკაში ბევრი ახალგაზრდა იკრიბება, სხვადასხვა ლექციები ტარდება, არის სხვადასხვა ახალგაზრდული პლატფორმები. მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდების როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა 20 ივნისის შემდეგ, როდესაც პუტინის პროპაგანდა დამარცხდა სწორედ დიდწილად ახალგაზრდების გამო.​​ არსებობს ოპოზიციური პლატფორმა, სადაც ყველა ერთმანეთთან საუბრობს და არის ერთიანი, ვერავინ ერთმანეთთან საუბარს ვერავის დაუშლის, შესაბამისად ამ განცხადებას განვიხილავ ახალი ფრონტის გახსნად ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ კომპლექსურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ამ კომპლექსურ საზოგადოებაში ერთმანეთთან თანაცხოვრება ვისწავლოთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საერთო მიზანი იყოს ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატიის მაღალი ხარისხი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.

„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.