ხატია დეკანოიძე - როდესაც გიგი უგულავა მუშტსა და იდაყვზე საუბრობს, დიდი იმედი მაქვს, ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება
ხატია დეკანოიძე - როდესაც გიგი უგულავა მუშტსა და იდაყვზე საუბრობს, დიდი იმედი მაქვს, ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება

როდესაც გიგი უგულავა მუშტსა და იდაყვზე საუბრობს, დიდი იმედი მაქვს, ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ძალადობრივი რეჟიმის პირობებში არ შეიძლება, შენი მთავარი კონკურენტი იყოს ოპოზიციური პარტია“.

„ძალიან სევდანარევი განწყობა მაქვს, როდესაც ამას ვუყურებ. არ შეიძლება ძალადობრივი შინაარსობრივი რეჟიმის არსებობაში საქართველოში ისაუბრო ოპოზიციაზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერზე.

ვფიქრობ, „ევროპული საქართველოს“ და გიგი უგულავას განცხადება ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი წაიყვანონ. პირიქით, ეს იქნება უფრო დამაზიანებელი მათი პარტიისთვის.

როდესაც ჩვენ ახლა ვიბრძვით გადამწყვეტი გამარჯვებისთვის და როდესაც 31 ოქტომბერს საქართველოს ამომრჩეველმა უნდა მისცეს ქვეყნის მომავალს ხმა, როდესაც გყავს ოლიგარქიული მმართველი, ესეთი ძალადობრივი რეჟიმი და ყოველდღიურად ძალადობა არის სახეზე, არ შეიძლება, შენი მთავარი კონკურენტი იყოს ოპოზიციური პარტია.

სევდიანი ისტორიაა მათთვის და მათი პარტიისთვის. თუ იდენტობას ვერ ამჟღავნებენ ისე, რომ ოპოზიციურ პარტიას და მიხეილ სააკაშვილს თავს არ დაესხან, ეს ცუდია მათთვის. ე.ი. ვერ მოიგეს ამომრჩევლის გული.
როდესაც მუშტსა და იდაყვზე საუბრობს გიგი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.