ხატია დეკანოიძე -  „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი რეპრესიული მექანიზმი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ
ხატია დეკანოიძე -  „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი რეპრესიული მექანიზმი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება განხილული იყოს, როგორც ერთ-ერთი რეპრესიული მექანიზმი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ.

კერძოდ, დეკანოიძე გამოეხმაურა „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციური პარტიების ფინანსური კუთხით რეპრესიები, ოპოზიციური პარტიების შემოწირულობის კონტექსტში ბიზნესის კიდევ უფრო შეკვეცა და მათი რეპრესიებიც ზუსტად გულისხმობს „ქართული ოცნების“ მრავალწლიანი საქმიანობის შედეგს. ეს გულისხმობს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს რეპრესირებული. მათთან აფილირებული მსგავსი ადამიანების მიერ გამოითქმევა ხოლმე ის იდეა, რომელიც სწორედ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შეწოვილია და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ხოლმე „ქართული ოცნების“ ძალისხმევა. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპოზიციის რეპრესია, რასაც, არ გამოვრიცხავ, ახალი ინიციატივები მოჰყვეს პარლამენტში სექტემბერში. მათ იციან, რომ მათთვის 2024 წელი იქნება ძალიან მძიმე ძალაუფლების დათმობის კონტექსტში და „ქართული ოცნება“ შეეცდება, რეპრესიები განახორციელოს ოპოზიციის მიმართ. საერთოდ ვერ გავიგე ამ ადამიანის მოსაზრება, ან ვინ არის ეს ადამიანი, ან რა შუაშია. ვფიქრობ, სულ მალე გამოჩნდება, რომ ეს ადამიანი „ქართულ ოცნებასთან“ კავშირშია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.