ხატია დეკანოიძე - ქვეყანაში შექმნილი ვითარება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
ხატია დეკანოიძე - ქვეყანაში შექმნილი ვითარება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

ჩვენ მხოლოდ ის ბერკეტი გაგვაჩნია, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამედიცინო ცენტრთან არანაირი პროტესტი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი ვითარება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან ასეთი უგუნური და არაადამიანური მოპყრობა მათი პასუხისმგებლობაა. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დამიდასტურა, რომ სხვადასხვა საკნის ფანჯრებიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები დღეში რამდენჯერმე ისმის. როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მზად არის, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციები შეასრულოს.

სააკაშვილის და ელენის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ექიმების მიერ შემოწმდეს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის გორის ჰოსპიტალი. რაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება, მზად ვარ, ნებისმიერი ვერსია იყოს განხილვის საგანი.

ჩვენი მხრიდან შეთავაზებულია ფორმატი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, ექიმები, ადვოკატები და პარტიის წარმომადგენლები, ვინც ხელისუფლებასთან განიხილავს ლოკაციასთან დაკავშირებით გზებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.