ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირება მნიშვნელოვანია, ბევრი სამუშაოა ოპოზიციურ ველზე, გაცილებით მაღალი ნდობა და რეიტინგი სჭირდებათ პარტიებს
ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირება მნიშვნელოვანია, ბევრი სამუშაოა ოპოზიციურ ველზე, გაცილებით მაღალი ნდობა და რეიტინგი სჭირდებათ პარტიებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებმა გამოკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპულად განწყობილი და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე.

„საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი არის საფრთხე და ევროკავშირი და ნატო არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია. ხელისუფლების პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთს მომავალი არ აქვს, საქართველოში მომავალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირს და ნატო-ს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი რამდენიმე პროცენტითაა დაცემული.

„ველი არის მარტის, ზუსტად რუსული კანონმდებლობის მიღებას ემთხვევა ეს ველი. ძალიან კარგად გაიგეს მოქალაქეებმა, რა პოლიტიკას აწარმოებდა „ქართული ოცნება“, ხოლო ის, რომ 7 პროცენტით არის დაცემული „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ეს არის სწორედ მათი პოლიტიკის შედეგი. სწორედ ამიტომ, ევროპული განწყობების ზრდის პარალელურად, შემცირდა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რაც მიუთითებს, რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ მიიჩნევს პროევროპულ ძალად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავდროულად, ხატია დეკნოიძე აღნიშნავს, რომ, ზოგადად, ბევრი სამუშაოა ოპოზიციურ ველზე, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიმართულებით, იმ კონტექსტში, რომ გაცილებით მაღალი ნდობა და რეიტინგი სჭირდებათ პარტიებს.

„„ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი, ნოყიერი სამუშაოა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.